ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყანა ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან 172 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ბაზარზე გასაყიდად გამოიტანს. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯის მიზანია, შტატებმა თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მასშტაბით გაზრდილი საწვავის ფასების შემცირებაში და უზრუნველყოს, რომ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა წარმოება შეუფერხებლად გააგრძელონ. ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის განმარტებით, რეზერვების გამოთავისუფლების პროცესი მომავალ კვირას დაიწყება და 120 დღეს გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ დღიური მიწოდება, საშუალოდ, 1.4 მილიონი ბარელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 32-ვე წევრის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილია. გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც, რეზერვების მქონე სახელმწიფოები ჯამურად 400 მილიონ ბარელს გამოიტანენ ბაზარზე. შედარებისთვის, უკრაინის ომის დაწყებისას, 2022 წელს ორგანიზაციამ 2-ჯერ ნაკლები, 182 მილიონი ბარელი გამოათავისუფლა რეზერვებიდან.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ ტრამპმა რეზერვების გამოყენებით სწორედ იმ ტაქტიკას მიმართა, რომლის გამოც ის წლების განმავლობაში წინამორბედ ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ღალატში სდებდა ბრალს. ამჯერად ტრამპმა სწორედ ეროვნული ინტერესები დაასახელა რეზერვების გახსნის მთავარ არგუმენტად.
„ჩვენ მას (გამოთავისუფლებულ რეზერვს) ახლა გამოვიყენებთ ფასების დასაწევად, შემდეგ კი ისევ შევავსებთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის ნავთობის მარაგი 415 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც მისი მაქსიმალური შესაძლებლობის მხოლოდ 59%-ია. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მომავალ წელს რეზერვში 200 მილიონი ბარელი ნავთობის დაბრუნებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ 2027 წელს ტრამპის ადმინისტრაცია იმ დანაკარგის სრულად შევსებას აპირებს, რაც ირანთან მიმდინარე ომის გამო გუშინ გამოათავისუფლა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას ნავთობის ფიუჩერსებზე დადებითი გავლენა არ მოუხდენია და, პირიქით, ფასი ბარელზე $100 დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ამას ბაზარზე არსებული პესიმისტური განწყობით და ომის შესაძლო გახანგრძივების მოლოდინით ხსნიან. ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ კოლოსალური მოცულობის რეზერვს არ გამოუშვებდა, ომის მოკლე პერიოდში დასრულებაში რომ იყოს დარწმუნებული.




























