აშშ პუტინის ქალიშვილებს და რუსულ ბანკებს დამატებით სანქციებს დაუწესებს - ამის შესახებ დღეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა ბრიფინგზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სანქციების ახალი ტალღა რუსი აგრესორების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში დატრიალებულმა ტრაგედიამ განაპირობა.
„მკვეთრად ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს, შემოგვაქვს აბსოლუტურად მაბლოკირებელი სანქციები რუსეთის უმსხვილესი საფინანსო დაწესებულების, „სბერბანკის“ და რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის - „ალფა ბანკის“ წინააღმდეგ“ , - განაცხადეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში.
როგორც გამოცემა წერს, სბერბანკს რუსეთის საბანკო სექტორის აქტივების ერთი-მესამედი უჭირავს, ამიტომ სანქციები მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე აანონსებს სანქციებს რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის არიან ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები - მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა. სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცოლი და მისი შვილი. სიას აგრძელებენ ყოფილი პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევისა და მოქმედი პრემიერის მიხაილ მიშუსტინის ოჯახის წევრები. აშშ-მა უკვე დაასანქცირა 140-ზე მეტი რუსი ოლიგარქი და მათი ოჯახის წევრები.
დღევანდელ ბრიფინგზე ასევე დაანონსდა, რომ დასანქცირდება რუსეთის სახელმწიფო საწარმოებიც, რაზეც გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

























