კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში, 29 ივნისს, კომპანიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მთავარი თემა, საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემების განვითარება იყო, რაც თავის მხრივ ქვეყანაში ახალი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, არსებულის გაძლიერებასა და საერთო ჯამში შეფუთვის ნარჩენების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად. შეხვედრის შემდეგ საელჩოს წარმომადგენლებმა, მუხრანის ველზე, კოკა-კოლას ქარხანაში არსებული ნარჩენების მართვის ცენტრი და ნარჩენების დროებითი საწყობი მოინახულეს. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, ააიპ „ჯორჯია ფლასთან” ერთად საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების - EPR სისტემის დანერგვასა და განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. კომპანია მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლის მიზანია შეფუთვის ნარჩენების ეფექტიანი შეგროვება და გადამუშავება.
გარემოზე ზრუნვის და პლასტიკით დაბინძურების რისკების შემცირების გრძელვადიანი ხედვის ფარგლებში, კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქვეყანაში გადამუშავების სისტემების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის პლასტიკის ნარჩენების ეფექტიან შეგროვებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვაზე. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საქართველოში პირველი ჭკვიანი შესაფუთი ნარჩენების მიმღები ავტომატი დააპროექტა და შექმნა. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მაშტაბით მომავალი წლისთვის 2500-მდე აპარატის განთავსებაა დაგეგმილი. პარალელურად ვითარდება სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ბოთლის ჩაბარებისას დაასკანერებს კოდს, მიიღებს ანაზღაურებას და თანხის გატანას ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე შეძლებს.


































