უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას შესთავაზა, გაიყვანოს ჯარები დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონიდან და შექმნას „სპეციალური ეკონომიკური ზონა“ მის მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორია და ასევე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამშვიდობო გეგმის წინადადებაში ორ მთავარ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა განახლებული 20-პუნქტიანი გეგმა და ცალკეული დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ. მანამდე კი ამას, წინ უძღოდა კვირების განმავლობაში მსჯელობა აშშ-ს, უკრაინის, რუსეთისა და ევროპელი ლიდერებს შორის, რომლის ფარგლებშიც გადაიხედა სამშვიდობო გეგმა.
„ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია. ყველაფერი შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის დაახლოებით 30%-ის კონტროლი. ამაზე უკრაინა უარს ამბობს.
ზელენსკის თქმით, აშშ ამჟამად განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც უკრაინული ძალები დონეცკის ნაწილებიდან გავლენ და რუსული ძალები ვალდებულებას მიიღებენ, რომ ტერიტორიაზე არ შევლენ, შემდეგ კი, ეს ტერიტორია „სპეციალური ეკონომიკური ზონა“ ან „დემილიტარიზებული ზონა“ გახდება.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ტერიტორიის საკითხზე საბოლოო პასუხი „უკრაინის ხალხმა“ უნდა გასცეს, არჩევნების ან რეფერენდუმის გზით.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც კიდევ ერთი საკამათო საკითხია სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ზელენსკის თქმით, შესაძლო გამოსავალი იქნებოდა რუსების გაყვანა და კიევის მიერ ელექტროსადგურის კონტროლის ამერიკელებთან გაზიარება - თუმცა მან აღიარა, რომ ასეთი შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია და საეჭვოა, რომ მოსკოვი დათანხმდეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული ელექტროსადგური ფრონტის ხაზზე მდებარეობს და 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.




























