ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის მიმდინარე ხანგრძლივი სავაჭრო მოლაპარაკებები გაიყინა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთა სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის თქმა გახდა. როგორც შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი აცხადებს, პროცესი საბოლოო ეტაპზე იყო მიყვანილი და აღნიშნული ზარით მხარეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ შეთანხმებისთვის მზად იყვნენ, თუმცა ოფიციალურმა ნიუ დელიმ ვაშინგტონიდან განხორციელებული ზარი არ აიღო.
როგორც Reuters-ი წერს, ინდოეთის ლიდერი პირდაპირ სატელეფონო მოლაპარაკებას უფრთხის, რადგან დონალდ ტრამპსა და და ნარენდრა მოდის შორის გამართული საუბრები ყოველთვის ცალმხრივი კომუნიკაციით მთავრდება, როცა ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს რეაგირების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, აყენებს პოზიციაში, როცა მოდის ტრამპის მოთხოვნების დაკმაყოფილება ან სრულად უარყოფა უწევს.
ჰოვარდ ლუტნიკის განმარტებით, მოლაპარაკების ჩაშლამდე ინდოეთი თანახმა იყო, დათანხმებოდა ისეთ სავაჭრო შეთანხმებას, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთთან და ვიეტნამთან აქვს დადებული. საუბარია, საბაზისო 10%-იან ნიშნულზე, რომელიც კონკრეტულ სექტორებში უფრო მაღალ ნიშნულსაც აღწევს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოფიციალურმა დელიმ ვაშინგტონის ზარი იმ მიზეზით არ აიღო, რომ ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიმართ დაწესებული 50%-იანი ტარიფების კიდევ უფრო გაზრდა დააანონსა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსული ნავთობის იმპორტს არ შეწყვეტს. ექსპერტების შეფასებით, ნარენდრა მოდის ხელისუფლებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა არ სურს, შესაბამისად, სავაჭრო შეთანხმების დადება არაეფექტური იქნება, თუ ის მუდმივად იქნება საფრთხის ქვეშ.




























