მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ საქართველოს $127 მლნ-ით დაეხმარება, უკრაინას - $445 მლნ-ით, რუსული გავლენისგან დაცვის ფონდი კი, $275 მლნ იქნება

5c6d069763ff0
BM.GE
20.02.19 12:08
1280
2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას $22,000,000-ით, $127,025,000-მდე ზრდის. აღნიშნული თანხა საქართველოში რეფორმების ხელშეწყობასა და ინსტიტუტების გაძლიერებას მოხმარდება.

ამასთანავე, ფედერალურ ბიუჯეტში ჩადებულია მუხლი, რომ გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბიუჯეტის პროექტით, უკრაინის მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა $445,700,000-ის ტოლი იქნება.

ამასთანავე, აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე, აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვაში ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება, ამასთანავე გატარებული ღონისძიებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება რუსეთზე შემცირდეს.

ბიუჯეტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე - https://docs.house.gov/billsthisweek/20190211/CRPT-116hrpt9.pdf 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები