აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ზე.
"აშშ ევროკავშირთან ერთად გამოთქვამს მწუხარებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს.
ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ საყრდენია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან", - წერს მეთიუ მილერი.
მილერის ვრცელი განცხადება ასევე გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობას, რაც ასევე წერია კონსტიტუციაში, რომელიც ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციას გულისხმობს. გაწევრიანების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ" უარყო შესაძლებლობა, ახლოს ყოფილიყო ევროკავშირთან და მოწყვლადი გახდა კრემლისადმი.
ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას მათ წინააღმდეგ, რომლებსაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება აქვთ. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი.
"ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რაც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიისადმი ერთგულებაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე. შედეგად აშშ აჩერებს ამ მექანიზმს.
ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ყველა დარღვევა, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - წერია განცხადებაში.