აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი, ჰენრი პოლსონი ხელისუფლებას საგანგებო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რათა მთავრობა სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის შესაძლო კოლაფსისთვის მზად იყოს. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი $39 ტრილიონს აღწევს, რაც ფინანსურ სისტემას უკიდურესად მოწყვლადს ხდის.
პოლსონის შეფასებით, თუ ბაზარი ნდობას დაკარგავს, ეკონომიკური შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. ხაზინის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება წინასწარ მომზადებული მოკლევადიანი სამოქმედო მექანიზმი, რომელიც მზად იქნება იმ მომენტისთვის, როდესაც ეკონომიკა „კედელს შეეჯახება“.
პოლსონის განმარტებით, დღევანდელი ვითარება 2008 წლისგან ფუნდამენტურად განსხვავდება, რადგან მაშინ მთავრობას ფისკალური რესურსი კრიზისის სამართავად ჯერ კიდევ ჰქონდა. სახელმწიფო ვალის კრიზისის შემთხვევაში კი, ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ხელისუფლება რეაგირებისთვის იყენებს, თავად ხდება პრობლემის ნაწილი. კერძოდ, როდესაც ინვესტორები სახელმწიფო ობლიგაციების სანაცვლოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ითხოვენ, იზრდება ვალის მომსახურების ხარჯები, რაც დეფიციტს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული მოჯადოებული წრე ინვესტორებში ნერვიულობას ამძაფრებს, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტად ზრდის.
მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, ჰენრი პოლსონი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუკი პოლიტიკური ნება იარსებებს. მისი ხედვით, დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელია სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების რეფორმირება.
გამოცდილმა ეკონომისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშპ-ის ზრდის შეფერხების გარეშე შემოსავლების გაზრდა სავსებით რეალურია, თუმცა კონგრესის მხრიდან ასეთი მასშტაბის გეგმის მხარდაჭერა, როგორც წესი, მხოლოდ მწვავე კრიზისის დადგომის შემდეგ ხდება შესაძლებელი, როცა კანონმდებლები ერთიანდებიან.




























