მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში Boeing-ის 33 000 თანამშრომელი გაიფიცა

boeing

13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე, Boeing-ის ათასობით თანამშრომელმა ქარხანა დატოვა. კომპანიაში დასაქმებულთა გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათმა უმრავლესობამ, 95%-მა, Boeing-სა და პროფკავშირებს შორის შეთანხმებულ კონტრაქტის განახლებულ პირობებს მხარი არ დაუჭირა.

იმ ფონზე, რომ Boeing-ი თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევის შემდეგ წარმადობის გაზრდას გეგმავს, მოსალოდნელია, რომ გაფიცვა კომერციული თვითმფრინავების წარმოებას კიდევ უფრო შეაფერხებს.

კომპანიის ახლად არჩეული CEO გაფიცულებს მოუწოდებს, კონტრაქტის ახალ პირობებს დათანხმდნენ და ბაზარზე Boeing-ისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციის აღდგენას საფრთხე არ შეუქმნან, თუმცა დასაქმებულთა 96%-მა კენჭისყრაში მხარი გაფიცვას დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ კონტრაქტებზე პროფესიულ გაერთიანებასა და Boeing-ს შორის მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ასოციაცია აცხადებს, რომ ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოლაპარაკებების გზით ოდესმე მიუღწევიათ და პროფკავშირში გაწევრიანებულ დასაქმებულებს მისი მიღებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უარის მიღების შემდეგ აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად არიან.

ასოციაცია კომპანიაში დასაქმებული 170 000 თანამშრომლის მხოლოდ მეხუთედს წარმოადგენს. 33 000 თანამშრომელი Boeing-ისგან ხელფასების 40%-იან ზრდას ელოდნენ, რაც კონტრაქტში 25%-ით განისაზღვრა. Boeing-ი გაფიცულებს $3000-იან ბონუსსა და საპენსიო გადასახადის ზრდასაც სთავაზობს, 12-კვირიან დეკრეტულ შვებულებასა და სავალდებულო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის შემცირებას.

Boeing-ი აშშ-ის ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორია. გარდა იმისა, რომ კომპანია 170 000-მდე ადამიანს ასაქმებს, ის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები