ამერიკის შეერთებულ შტატებში Apple-ის iPhone-ების მომხმარებლები, 3 წლიანი ლოდინის შემდეგ, კომპანიისაგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ - მიზეზი iPhone-ების ახალი მოდელების გამოსვლის შემდეგ ძველი მობილურების მიზანმიმართულად შენელება, ხარვეზით მუშაობა და ბატარეების პრობლემებია.
Apple-მ მომხმარებლებთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, სასამართლოს შუამავლობით, მიაღწია, თუმცა კომპენსაციების დარიგების პროცესი გაიწელა. საპროცესო შეთანხმება ტექკომპანიისაგან $310-დან $500 მილიონამდე თანხის გამოყოფას მოითხოვდა, რომლის ნაწილიც, $81 მილიონამდე, საადვოკატო საქმიანობას მოხმარდებოდა, დანარჩენი კი დაზარალებული მომხმარებლებისთვის გამოყოფილ ფონდში ჩაირიცხებოდა.
Apple დათანხმდა პირობებს, რომლის თანახმადაც კომპანია ძველი მოდელის iPhone-ის მფლობელებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, $25-ს გადაუხდიდა. თუმცა მომხმარებლები ადასტურებენ, რომ ეს რიცხვი გაიზარდა და უკვე ერთი კვირაა, ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს კომპენსაციის სახით $92.17 ერიცხებათ.
ზარალის ანაზღაურება ვრცელდებოდა იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ 2020 წლის 6 ოქტომბრამდე შეიტანეს და კონკრეტულად აშშ-ს ბაზრისათვის წარმოებულ iPhone 6, 6 Plus, 6s Plus, 7, 7 Plus და SE მოდელებს ფლობდნენ, რომლებმაც მობილურებში წუნდებული IOS სისტემა 2017 წლის 21 დეკემბრამდე დააყენეს.