ამერიკელები ჰელოუინზე ხარჯვის ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადებიან, - ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის (NRF) ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2025 წელს დღესასწაულზე საერთო ხარჯი 13,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს თანხა გასული წლის 11,6 მილიარდ დოლარს და 2023 წლის 12,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 8 045 მომხმარებელზეა დაფუძნებული და 2–9 სექტემბერს ჩატარდა Prosper Insights & Analytics-ის მიერ. შედეგების ცდომილების ზღვარი ±1,1 პროცენტულია.
„მიუხედავად ტარიფებთან დაკავშირებული ფასების ზრდის შიშისა, ჰელოუინი კვლავაც რჩება ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელ დღესასწაულად“, – ამბობს NRF-ის ინდუსტრიული და სამომხმარებლო კვლევის ვიცე-პრეზიდენტი, კეტრინ კალენი.
კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 79% ტარიფების გამო პროდუქტებზე ელოდება ფასების ზრდას, თუმცა 73% მაინც გეგმავს დღესასწაულის აღნიშვნას, რაც თითქმის წინა წლის მაჩვენებელთან (72%) თანხვედრაშია.
ჰელოუინის ყველაზე პოპულარული აქტივობებია ტკბილეულის დარიგება (66%), კოსტუმის ჩაცმა (51%) და სახლის ან ეზოს მორთვა (51%). უფრო მეტი ადამიანი გეგმავს გოგრის ამოჭრას (46%), წვეულებაზე მისვლას ან წვეულების გამართვას (32%) და საშინელ სახლში სტუმრობას (24%).
ხარჯების მიხედვით, ლიდერობს ტკბილეული - ამ კატეგორიაში მომხმარებლები ჯამში 3,9 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. კოსტუმებზე ხარჯი 4,3 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული, დეკორაციებზე - $4,2 მილიარდი, ხოლო მისალოც ბარათებზე - $0,7 მილიარდი.
საშუალო ხარჯი ერთ ადამიანზე რეკორდულ 114.45 დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელზე თითქმის 11 დოლარით მეტია და 2023 წლის 108.24 დოლარის ნიშნულსაც აღემატება.
მომხმარებლების თითქმის ნახევარმა (49%) შოპინგი სექტემბერში ან უფრო ადრე დაიწყო. მთავარი მიზეზებია შემოდგომის მოლოდინი (44%), ჰელოუინისადმი სიყვარული (37%), სასურველი ნივთების ვერ შეძენის შიში (33%) და ბოლო წუთის შოპინგის თავიდან აცილება (33%) იყო.
ყველაზე პოპულარული შესყიდვის ადგილებად ფასდაკლების მაღაზიები (42%) სახელდება, შემდეგ მოდის სპეციალიზებული ჰელოუინის/კოსტუმების მაღაზიები (31%) და ბოლოს, ონლაინ პლატფორმები (31%).
ჰელოუინის შთაგონების მთავარი წყაროა ონლაინ ძიება (37%), საცალო მაღაზიები ან კოსტუმების მაღაზიები (27%) და მეგობრები თუ ოჯახი (21%).




























