მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში "შავი პარასკევის" ონლაინ გაყიდვები $13 მილიარდს გადააჭარბებს - Adobe Analytics

sale

ამერიკელი მომხმარებლები სადღესასწაულო შოპინგზე ხარჯების შემცირებას არ ჩქარობენ: მოსალოდნელია, რომ მუდმივი ინფლაციისა და საწვავის გაზრდილი ფასების მიუხედავად, "შავ პარასკევს" ონლაინ დანახარჯები მორიგ რეკორდს დაამყარებს.

Adobe Analytics-ის მონაცემებით, აშშ-ის აღმოსავლეთის სასაათო სარტყელით 18:30 საათისთვის, ამერიკელმა ონლაინ-მყიდველებმა "შავ პარასკევს" 9.7 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია.

Adobe-ს პროგნოზით, საბოლოო მაჩვენებელი 13-დან 13.4 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს, რაც ამ დღეს დაკვირვების ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ შოპინგის დღედ აქცევს.

ხარჯვის ტემპი, სავარაუდოდ, შაბათ-კვირასაც შენარჩუნდება: შაბათს ონლაინ გაყიდვები 6.1 მილიარდ დოლარად არის პროგნოზირებული (წლიური 6%-იანი ზრდა), ხოლო კვირას დანახარჯები 6.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს (რაც 7.5%-იანი მატებაა).

სეზონის ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო დღედ კვლავ "კიბერორშაბათი" დარჩება, სადაც ონლაინ დანახარჯები, სავარაუდოდ, 15.1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 6.2%-ით მეტია.

Adobe-ს წინასაახალწლო სავაჭრო მიმოხილვა მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებაზე მიუთითებს, სადაც ხელოვნური ინტელექტი, მობილური შოპინგი და მოქნილი გადახდის მეთოდები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პროგნოზის თანახმად, ნოემბერ-დეკემბრის სადღესასწაულო სეზონზე საცალო ვაჭრობის ვებსაიტებზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ტრაფიკი წლიურად 130%-ით გაიზრდება, ხოლო მხოლოდ მადლიერების დღეს 159%-იანი მატებაა მოსალოდნელი.

Adobe-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა 69%-ის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, უკან დააბრუნონ ნივთი, რომელიც AI-ასისტენტის დახმარებით შეიძინეს. ეს კი შოპინგში ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციების დიდ პოტენციალზე მიუთითებს.

კიდევ ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი მობილური მოწყობილობებია: პროგნოზის მიხედვით, მადლიერების დღეს ონლაინ შოპინგის 63.2% სწორედ სმარტფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებზე მოდის.

ამავდროულად, სერვისით - "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით" განხორციელებული გადახდების წლიური ზრდა 6.6%-ით არის პროგნოზირებული, რა დროსაც მყიდველები ამ მეთოდით 2025 წელთან შედარებით 1.3 მილიარდი დოლარით მეტს დახარჯავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები