$14-მილიარდიანი გარიგება შედგა. TikTok-ის ამერიკული აქტივების შემსყიდველი ერთობლივი საწარმო ოფიციალურად ჩამოყალიბდა და ხელმძღვანელი გუნდი წარადგინა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მოხდა. ტრამპმა ByteDance-ის მიერ აპლიკაციის აშშ-ის აქტივების გასხვისებისთვის ბოლო ვადად 23 იანვარი დააწესა.
"ერთობლივი საწარმო, რომლის უმრავლესობასაც ამერიკული მხარე ფლობს, განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების დაცვით იმოქმედებს. ეს ზომები დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას მონაცემთა ყოვლისმომცველი დაცვის, ალგორითმის უსაფრთხოების, კონტენტ-მოდერაციისა და აშშ-ის მომხმარებლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გარანტიების გზით", - ნათქვამია ჯგუფის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივ საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი ადამ პრესერი იქნება, რომელიც მანამდე TikTok-ში ამერიკელი მომხმარებლების მონაცემთა უსაფრთხოების მიმართულებას კურირებდა, უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი კი უილ ფარელია, რომელიც მანამდე კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა.
კომპანიას ზედამხედველობას გაუწევს საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: TikTok-ის აშშ-ის აღმასრულებელი დირექტორი შოუ ჩუ; Oracle-ის გენერალური დირექტორის ოფისის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კენეტ გლუკი; ასევე საინვესტიციო ფირმა Susquehanna International Group-ის, კერძო საინვესტიციო ფირმა Silver Lake-ის, საამიროების საინვესტიციო ფირმა MGX-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეთანხმების თანახმად, TikTok-ის აშშ-ის მომხმარებელთა მონაცემებსა და ამერიკული ოპერაციების უმეტეს ნაწილზე კონტროლი ახალ ერთობლივ საწარმოს გადაეცა. ამ საწარმოს 50%-ს ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს. შოუ ჩუს მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი მემორანდუმის თანახმად, საწარმოს 30%-ზე მეტს "ByteDance-ის არსებული ინვესტიორების აფილირებული პირები" ფლობენ, ხოლო 19.9% ByteDance-ის მფლობელობაში რჩება.
ახალი სუბიექტი გეგმავს, TikTok-ის ალგორითმი აშშ-ის მომხმარებელთა მონაცემებზე ხელახლა გაწვრთნას, ამერიკელთა მონაცემების შენახვას კი Oracle უზრუნველყოფს. აშშ-ის ერთობლივი საწარმო ასევე პასუხისმგებელი იქნება ამერიკელი მომხმარებლებისთვის კონტენტის მოდერაციაზე. თუმცა, ჩუს მემორანდუმის მიხედვით, ByteDance-ის კონტროლის ქვეშ მყოფი გლობალური TikTok-ის სუბიექტი ახალ ამერიკულ პლატფორმაზე ელექტრონული კომერციის, რეკლამისა და მარკეტინგის მართვას გააგრძელებს.
ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მომხმარებლების გამოცდილება აპლიკაციაში თვალსაჩინოდ არ შეიცვლება, თუმცა ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს, რა ვიდეოები გამოჩნდება მათ "ფიდზე", შესაძლოა შეიცვალოს.
აშშ-ში TikTok-ის საგა მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპმა, თავისი პირველი ვადის დროს, აპლიკაციის აკრძალვის პირობა დადო. პროცესი 2024 წელს გამწვავდა, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აპლიკაციის ამერიკული ვერსიის მშობელი კომპანიისგან, ByteDance-ისგან გამოყოფას ან აშშ-ში აკრძალვას ითხოვდა. მეორე ვადის განმავლობაში ტრამპმა კანონის აღსრულება არაერთხელ გადადო, რადგან აპლიკაციის აშშ-ის ოპერაციების ამერიკულ მფლობელობაში გადასაცემად გარიგებას ეძებდა.
გასულ შემოდგომაზე გარიგების მოწონების შემდეგ, ტრამპმა მხარეებს ტრანზაქციის დასასრულებლად ვადად 23 იანვარი განუსაზღვრა. TikTok-მა შეთანხმებას ხელი დეკემბერში მოაწერა.
ეს შეთანხმება კარგი სიახლეა TikTok-ის 200 მილიონზე მეტი ამერიკელი მომხმარებლისთვის, რომელთაგან ბევრი აპლიკაციას გართობის, ახალი ამბების მიღებისა და, ზოგ შემთხვევაში, საარსებო წყაროსთვის იყენებს.




























