აშშ-ის შრომის ბაზარზე მოულოდნელად პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი 130,000-ით გაიზარდა, რაც საგრძნობლად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 105,000-ს.
ამავდროულად, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 4.3%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაო ბაზარი, მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა, კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას.
საინტერესოა, რომ საშუალო საათობრივი ანაზღაურება წლიურად 4.1%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ აღემატება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მსყიდველობითი უნარი ნელ-ნელა აღდგენას იწყებს, თუმცა ფედერალური რეზერვისთვის ეს შესაძლოა ინფლაციური წნეხის გაგრძელების სიგნალი იყოს და ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შესანარჩუნებელ არგუმენტად გამოიყენოს.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის დონის კლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ექსპერტთა ნაწილი რეცესიის რისკებზე და AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის პრობლემაზე მიუთითებს. როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის გამო უმუშევრობის ზრდის დინამიკა აშშ-ის ეკონომიკაში არ იკვეთება.




























