მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-ში ვიზიტისას ქართული მხარე ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფის მოხსნის საკითხს დააყენებს"

5cdad9e217bb7
ელენე გოგბერაშვილი
14.05.19 21:05
917
„აშშ-ში ვიზიტისას ქართული მხარე ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფის მოხსნის საკითხს დააყენებს“ - ამის დაპირება „რუსთავის ფოლადმა“ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის დროს დღეს მიიღო.

თურნავა მომავალ თვეში პრემიერ მინისტრთან ერთად აშშ-ში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება.

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, „რუსთავის ფოლადის“ ექსპორტი აშშ-ში მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე bm.ge-ისთან განმარტავს, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის წერილი, რომელიც გასულ წელს აშშ-ის მთავრობაში გაიგზავნა, სადაც ტარიფების მოხსნაზე იყო საუბარი, დღემდე უპასუხოდ არის დატოვებული.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მათ განუცხადა, ამ საკითხს ქართული დელეგაცია მომავალ თვეში დაგეგმილი ვიზიტისას კიდევ ერთხელ დააყენებს.

„ერთ წელზე მეტია, ჩვენ დავიწყეთ უნაკერო მილების ექსპორტი აშშ-ში. ამისთვის 3 წელი ვემზადებოდით, ავიღეთ სერტიფიცირება, ვიპოვეთ გასაღების არხები და შარშან მარტში ამერიკამ ფოლადის იმპორტზე შემოიღო 25%-იანი ტარიფი მთელი მსოფლიოსთვის. მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებთ ექსპორტს, თუმცა - მცირე რაოდენობით.
ჩვენთვის ეს სტრატეგიული მიმართულებაა და ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს მთავრობას დაგვეხმარონ ამერიკასთან ურთიერთობაში, რომ ეს ტარიფი იქნას მოხსნილი. ასეთი პრეცედენტი არსებობს. აშშ-მა ეს ტარიფი მოუხსნა სამხრეთ კორეას, ბრაზილიას, არგენტინას, ავსტრალიას და ევროკავშირთან აქვს მოლაპარაკებები.  აშშ-ში წელიწადში 10 ათასი ტონის ექსპორტს ვახორციელებთ, თუმცა შეგვიძლია 10-15-ჯერ მეტი გავყიდოთ. ქარხანას პოტენციალი აქვს იმაზე მეტი ღირებულების ექსპორტი განახორციელოს, ვიდრე მთლიანად ღვინის დარგი აკეთებს ექსპორტს მთელს მსოლფიოში“, - აცხადებს არჩილ მელიქაძე.

„რუსთავის ფოლადი“ არმატურას, უნაკერო მილებსა და ფოლადის კვადრატულ ნამზადს წლიურად 200 ათასი ტონის მოცულობით ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები