მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი"

5b33704c1e4a4
BM.GE
27.06.18 15:07
545
პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც შტატებში შედგა საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები