ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას ვარაუდით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოში ამერიკიდან ინვესტიციებს 20-30 პროცენტით გაზრდის.
„მოხარული ვართ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, კანონპროექტით წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ 2019 წელს ამ მიმართულებით მუშაობას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შეთანხმებაზე მუშაობის დროს შედგება კონსულტაციები როგორც აშშ-ის მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან.
„ეს პროცესი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ამერიკული ბიზნესებისთვის. როდესაც შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ის გახდება მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი ამერიკის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის და საფუძველი, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან. აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი "Georgia Support Act" დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტის პროექტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაეგზავნა აშშ-ის სენატს.
თუ სენატი აქტს დაამტკიცებს, ის გაეგზავნება პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონად იქცევა.
კონგრესი ამ კანონპროექტით, მოითხოვს სანქციები დაუწესდეთ და აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ იმ პირებს, ვისი უშალო მონაწილეობითა და დახმარებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები.
გარდა ამისა, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა დაეავალება.
ასევე, კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.