ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა ამბიციური გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტში უნდა მიაღწიონ. თუმცა, ტერიტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, ეს ვადა სავარაუდოდ გადაიწევს - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ხუთი ანონიმური წყაროს ინფორმაციით, განხილული ჩარჩო-შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი გარიგება უკრაინელმა ამომრჩეველმა რეფერენდუმზე უნდა დაამტკიცოს, რომელიც საყოველთაო არჩევნების პარალელურად გაიმართება.
აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა, რომელსაც სპეციალური დესპანი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობენ, აბუ-დაბისა და მაიამიში გამართულ შეხვედრებზე უკრაინულ მხარეს განუცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, კენჭისყრა მალე ჩატარებულიყო.
ამერიკული მხარის თქმით, ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, საშინაო საქმეებზე გადაერთვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ნაკლები დრო და პოლიტიკური რესურსი დარჩებათ.
ხუთშაბათს აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 314 სამხედრო ტყვის გათავისუფლებითა და დისკუსიების მალე განახლების პირობით დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შემდეგი სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მალე შეერთებულ შტატებში გაიმართება.
ორი წყაროს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს.
თუმცა, მოლაპარაკებებში ჩახედული რამდენიმე წყარო აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ვადებს "არარეალისტურს" უწოდებს. უკრაინის საარჩევნო უწყებების გათვლებით, არსებულ პირობებში არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.
არჩევნების ჩატარება მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რადგან საომარი მდგომარეობის დროს კენჭისყრა აკრძალულია. გარდა ამისა, პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რეფერენდუმის სანდოობის დასაცავად უკრაინა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და აცხადებს, რომ კრემლს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე შეთანხმებული პირობის დარღვევის ისტორია აქვს.
"კიევის პოზიციაა, რომ ვერაფერზე შეთანხმდებიან, სანამ არ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ისა და პარტნიორებისგან", - განაცხადა წყარომ.



























