მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკვე ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობს სანქციებისგან კვლავ გაათავისუფლებს - NYT

აშშ

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებიდან, რომლის თანახმადაც აშშ ზოგიერთი რუსული ნავთობის გაყიდვაზე სანქციების გამონაკლისს აღარ გაახანგრძლივებდა, სულ რაღაც ორ დღეში, 17 აპრილს ხაზინის დეპარტამენტმა საგამონაკლისო წესი ერთი თვით გაახანგრძლივა.

განახლებული ლიცენზია ძალაში 16 მაისამდე იქნება და ჩაანაცვლებს რუსეთის სანქციებისგან გათავისუფლების იმ დოკუმენტს, რომელსაც ვადა 11 აპრილს ამოეწურა.

ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვები მას შემდეგ შეამსუბუქა, რაც მარტში ახლო აღმოსავლეთის ომმა ენერგეტიკული ბაზრები შეარყია. მიზანი ნავთობზე ფასების შემცირება იყო იმ გზით, რომ ქვეყნებს ლეგალურად შეეძინათ ასობით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი, რომელიც შეერთებულ შტატებს "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი.

ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ბესენტმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა არ გაახანგრძლივებდა სანქციების გამონაკლისს ზღვაში ჩარჩენილ რუსულ ნავთობზე, ისევე როგორც ირანულ ნავთობზე დაწესებულ გამონაკლისს, რომელსაც ვადა კვირას ეწურება.

"ეს ეხებოდა ნავთობს, რომელიც ზღვაში 11 მარტამდე [იმყოფებოდა]. შესაბამისად, ის სრულად ათვისებულია", - აღნიშნა მან და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე სანქციები პირველად შეამსუბუქა.

ბოლო წუთს რუსეთისთვის სანქციების გამონაკლისის გახანგრძლივება დაემთხვა ირანის მიერ პარასკევს უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის სრულად გაიხსნა.

პრეზიდენტი ტრამპი ამ ნაბიჯს სოციალურ მედიაში მიესალმა და განაცხადა, რომ "ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულებულია" და რომ ირანი დათანხმდა, საწყლოსნო გზა აღარასოდეს ჩაკეტოს.

თუმცა, ირანს მსგავსი ვალდებულება არ აუღია. მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიედ აბას არაღჩიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სრუტე "ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში" იქნება ღია.

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვადა მომავალ კვირას ეწურება, პარალელურად კი მოსალოდნელია, რომ ამერიკელი და ირანელი მომლაპარაკებლები მალე პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ.

მართალია, სრუტის გახსნის შესახებ ცნობამ პარასკევს ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, თუმცა საწყლოსნო გზის მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩება. ირანი და შეერთებული შტატები კვლავ დაპირისპირებულნი არიან აშშ-ის არმიის მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამო. არაღჩიმ, რომელიც ასევე ირანის მთავარი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ ქვეყანა სრუტეს კვლავ ჩაკეტავს, თუ აშშ-ის არმია ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები