მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ–ის პალატა: სასამართლოს გადაწყვეტილებები აისახება ინვესტორების მოზიდვაზე

5c558e2e743d9
ელენე კვანჭილაშვილი
02.02.19 17:00
1154

"შეუსაბამო პროცესები, გამჭვირვალობის ნაკლებობა - ამის გამო გამოვთქვით სურვილი, აქტიურად ჩავერთოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში", - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - "ანალიტიკა" – ისაუბრა.

ჯორჯ ველტონმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გავლენა ექნება მთელს სასამართლო სისტემაზე, რომლის მიუკერძოებლად და სამართლიანად მუშაობაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მომავალიც.

"სასამართლოს გადაწყვეტილებები აისახება ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებაზე, ინვესტორების მოზიდვაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აუცილებლად იმსახურებს, რომ პროცესში ჩვენც ვიყოთ აქტიურად ჩართულები", - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს საქართველოს ოთხი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება - საქართველოს ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო - ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და აღნიშნა: "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ დამკვირვებელს შორის".

უმსხვილესი ბიზნესგაერთიანებების შეფასებით, "ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნესგარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიამ პირველ თებერვალს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც ხელს ფედერიკა მოგერინი აწერს, აღნიშნა, რომ "საქართველომ უმნიშვნელო წინსვლა განახორციელა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში; მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული წინსვლის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები