მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასკანელის“ წარმადობა წელს 30%-ით გაიზრდება - გოჩა ჩხაიძე

633ec829e0741
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.22 11:00
1224
ღვინის, ბრენდისა და სხვა სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ წელს წარმადობას დაახლოებით 30%-ით გაზრდის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ Forbes Talk-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანია წლიურად 25-40%-ით იზრდებოდა, 2022 წლის წარმოება კი დაგეგმილზე მაღალი იქნება.

„შარშანდელთან შედარებით კომპანიის წარმოება დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. ღვინისა და ბრენდის წარმოებაში ალბათ 16 მლნ ბოთლს გადავაჭარბებთ. წლის დასაწყისში 15 მლნ ბოთლის წარმოება გვქონდა დაგეგმილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ცოტა არ იყოს შეგვაშინა. შემდგომში მდგომარეობა დასტაბილურდა და ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა”, - ამბობს გოჩა ჩხაიძე.

კომპანიის დამფუძნებელმა რთველის მიმდინარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ წელს „ასკანელის“ გეგმა 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებაა. ამასთან, კომპანია რთველის სუბსიდირების პროგრამით როგორც თეთრი ჯიშის, ასევე წითელი ჯიშის ყურძენს იღებს, შესაბამისად, გოჩა ჩხაიძე ამბობს, რომ ყურძენს მევენახეებისგან სიფრთხილით და დაკვირვებით იბარებენ, რათა მაღალი ხარისხის ნედლეულისგან ხარისხიანი ღვინო აწარმოონ.

„ჩვენი გეგმა წელს დაახლოებით 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებაა. ამ ნიშნულს ვუახლოვდებით, პროცესები კარგად მიმდინარეობს. მიმდინარე წელი გარკვეულ ზონებში გამორჩეული იქნება, რამეთუ წლის განმავლობაში ჯერ ძალიან დიდი ნალექი მოვიდა, შემდეგ იყო გვალვა, რამაც ყურძნის ხარისხი გარკვეულ ზონებში გააფუჭა, თუმცა არის ზონები, სადაც საკმაოდ საინტერესო ყურძენი მივიღეთ.

ჩვენი ვენახებიდან დაახლოებით 1 000 ტონა ყურძენი ავიღეთ, დანარჩენი შეძენილია. ჩაბარებისას ყურძენს სკეპტიკურად ვუდგებით და ვარჩევთ, ბევრ გლეხს შეიძლება უკმაყოფილოდ ვტოვებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. კომპანიას წარმოების გარკვეული სტრატეგია აქვს, რომელსაც მივყვებით. არ შეგვიძლია ყველა ის ყურძენი მივიღოთ, რომელსაც მოგვიტანენ, რამეთუ შეიძლება ითქვას ყველა მტევანს მივდევთ. ამიტომაც არის, რომ ბოლო წლებში ღვინის სულ სხვა ხარისხს მივაღწიეთ, რამაც „ასკანელის“ ღვინოზე მოთხოვნა გაზარდა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ასკანელის“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ასევე ბრენდის რესტორნების ქსელის განვითარების გეგმების შესახებ გოჩა ჩხაიძე დეტალურად შაბათს 19:30 საათზე BMGtv-ის გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები