ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. პარლამენტს "აგენტების შესახებ" კანონი წარუდგინა. პროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად, შესაძლოა, როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები გამოაცხადონ.
"კანონპროექტის მიღება ხელს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას შეუწყობს და მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, ის ხელს შეუწყობს აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელ რეაქციას,“ - წერია დოკუმენტში.
როგორც ე.წ. კანონპროექტში წერია, თუ ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას რუსეთისგან, ვენესუელასგან, ნიკარაგუასგან, ნაურუსგან და სირიისგან მიიღებს [ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს], შესაბამისი პირი "უცხოეთის აგენტად" არ ჩაითვლება.