მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასორტიმენტის გაფართოება და მოლაპარაკებები ექსპორტზე - როგორია „ჰობის“ გეგმები?

ჰობი

ჩინეთში ქართული თაფლით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ bm.ge-სთან თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობის“ დამფუძნებელმა, მიხეილ ჭიღლაძემ განაცხადა.

„ჰობი", რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. როგორც მიხეილ ჭიღლაძე ამბობს, გამოფენა კონტაქტების და ურთიერთობის მხრივ წარმატებული იყო.

"დიდი რაოდენობის პოტენციური პარტნიორი წამოვიყვანეთ. ახლა უკვე ველოდებით შემდეგ ეტაპებს, რა იქნება, როგორ იქნება. დადებითად ვართ განწყობილი", - აცხადებს მიხეილ ჭიღლაძე.

მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხდება და საექსპორტო მიმართულებით ჯერჯერობით ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა.

"საუდის არაბეთთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ჩირები გავაგზავნოთ, ეს წინა გამოფენიდან არის. კორეაში უნდათ ჩვენი ტყემალი, რაზეც საკმაოდ დიდი ინტერესია და ჩინეთში არიან დაინტერესებული ჩვენი თაფლით. იმ კომპანიას, რომელიც ჩინეთში დაინტერესდა თვითონ შენჭენში 11 მაღაზია აქვს. ასევე, მთლიანად ჩინეთში ელექტრონული კომერციის მხრივ არის დაინტერესებული ერთი წარმომადგენელი.

აზერბაიჯანში გამოფენაზე გავეცანით მსხვილ ინვესტორს, ვისაც უნდა ჩვენი თაფლი. ჩამოსულებიც იყვნენ ჩვენთან ქარხანაში, დაათვალიერეს, ბევრი რაღაცა განვიხილეთ. გალფის ქვეყნებში უნდათ, რომ გაიტანონ ჩვენი თაფლი და ძირითადად იქ აქვთ დიდი სუპერმარკეტების ქსელი. დაახლოებით 250 ტონაზე მაინც ვესაუბრეთ თავიდან. ასევე გერმანიაში მოთხოვნა საკმაოდ დიდია ქართულ თაფლზე",- ამბობს მიხეილ ჭიღლაძე.

„ჰობის“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგეგმება ნატახტარში კიდევ ერთი ქარხნის აშენება, რისთვისაც გრანტის მოპოვებას ცდილობენ. მიზანი ასორტიმენტის გაფართოება და მათ შორის ტყემლის, ჩირის და ტყლაპის წარმოებაა. მიხეილ ჭიღლაძის თქმით, კომპანიის ახალი პროდუქტები ბაზარზე ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან გახდება.

"ადგილობრივ ბაზარზე ნორმალურად არის მოთხოვნა, ყოველთვის სეზონური ბიზნესი იყო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სეზონური ბიზნესი გადავაქციოთ ყოველწლიურ ბიზნესად, ანუ მარტო თაფლით აღარ გვინდა, რომ ვიყოთ წარმოდგენილები. თაფლის გარდა გვექნება ტყემალი, აჯიკა, ჩირები და ტყლაპის წარმოება დავიწყეთ ახლა. ვცდილობთ სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან გრანტი მოვიპოვოთ, რომ ცალკე ქარხანა ავაშენოთ მაგისთვის, არსებულ ქარხანაში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რომ ვაწარმოოთ ამდენი რაოდენობის პროდუქტი. ეს გვაქვს გეგმაში",- აცხადებს მიხეილ ჭიღლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები