მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძაში, რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო ამოქმედდა

64549fefef2ab
BM.GE
05.05.23 10:19
500
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო დაათვალიერა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა ფერმერმა გიორგი ჯვარიძემ, მცირე საწარმოს მოსაწყობად, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსება 38,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 10,000 ლარია.

„სახელმწიფოსთვის მესაქონლეობისა და რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, არაერთ მხარდამჭერ პროექტს ვახორციელებთ. შეღავათიანი აგროკრედიტით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, წელს, დაახლოებით, ხუთასამდე ბენეფიციარს დავუფინანსებთ პირველადი წარმოებას. აღნიშნული მიმართულებით მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ საწარმოში ყველის გადამუშავება ტრადიციული მეთოდით ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, რეგიონში წარმოების ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გიორგი ჯვარიძის განცხადებით, ტენილი ყველის წარმოება რთული პროცესია; სახელმწიფოს ხელშეწყობით კი, მან შეძლო ისეთი საწარმოს მოწყობა, რომელიც ტენილი ყველის ტრადიციული მეთოდით მომზადებას სჭირდება. ფერმერი დღიურად 20 კილო ყველს აწარმოებს და მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

რძის გადამმუშავებელ მცირე საწარმოში, მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 313 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები