მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Associated Press კადრებს ამცირებს - მიზეზი რეორგანიზაციაა

ap

მედიაკომპანიის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, საინფორმაციო სააგენტო Associated Press (AP) ათობით პოზიციის გაუქმებას გეგმავს - ინფორმაცია გამოცემა The Hill-მა დაადასტურა.

"იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი გაშუქება, რომელსაც დღევანდელი და მომავალი მომხმარებლები ყველაზე მეტად აფასებენ, ვახდენთ აშშ-ის ოპერაციების რესტრუქტურიზაციას და დავემშვიდობებით იმ კოლეგების ნაწილს, რომლებიც ორგანიზაციას კარგად ემსახურნენ", - წერს სააგენტოს მთავარი რედაქტორი ჯული პეისი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

შემცირებები AP-ის ახალი ამბების პერსონალის 5%-ზე ნაკლებს შეეხება. პეისის განმარტებით, ეს ნაბიჯი ძირითადად აშშ-ის ახალი ამბების გუნდზე აისახება, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს გავლენას არ მოახდენს 50-ვე შტატში AP-ის წარმომადგენლობაზე".

"ცვლილებები მარტივი არ არის - ამას ვაცნობიერებ. ამავდროულად, ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენც, უნდა გააკეთოს არჩევანი, რა არის მისი მომავლისთვის მთავარი. AP-ის მომავალი გაშუქების სიფართოვეშია და ამ ჟურნალისტიკის წარმოებისას მოქნილები, სტრატეგიულები და ეფექტიანები უნდა ვიყოთ", - წერს პეისი.

AP მორიგი მედიაკომპანიაა იმ ორგანიზაციათა გრძელ სიაში, რომლებმაც პერსონალის მასშტაბური შემცირება დაიწყეს, რადგან მომხმარებლები ინფორმაციისა და ანალიზის მისაღებად სხვადასხვა პლატფორმას ანიჭებენ უპირატესობას. ბოლო თვეებში, ურთულესი სარეკლამო ბაზრისა და მომხმარებელთა ცვალებადი ჩვევების ფონზე, ასობით სამუშაო ადგილი შეამცირეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა The Washington Post, CBS News და სხვები.

AP-ის თანამშრომელთა გაერთიანებამ (გილდიამ) განცხადებაში აღნიშნა, რომ 100-ზე მეტ თანამშრომელს კომპენსაციის სანაცვლოდ კომპანიის აქციები შესთავაზეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები