ეკონომიკურ ატაშეებს კონკრეტულად გაწერილი სამუშაო გეგმა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და კომპანია „ქობალია კონსალტინგის“ დამფუძნებელმა ვერა ქობალიამ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
,, უნდა იყოს კონკრეტული სექტორი არჩეული, რაზეც ისინი იმუშავებენ, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნება ერთმა ადამიანმა, მაგალითად ამირიკის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული შედეგი დადოს წლის ბოლოს. იგივე თურქეთზე როდესაც ვსაუბრობთ, ან სხვა ქვეყნებზე, კონკრეტულად რისი მიღწევა შეიძლება, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი.
მაგალითისთვის, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მე ვმუშაობდი, ინდონეზიაში, ყაზახეთში, თუ სხვა, შემდეგნაირად იყო: პროექტში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა ნაბიჯი, თუ რა უნდა გააკეთოს ატაშემ, რა ტიპის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს, რომელი კომპანიები უნდა შემოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დარჩება მხოლოდ პრეზენტაციების დონეზე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვის დაქვემდებარებაში იქნება ეს ადამიანი. ამ ეტაპზე ჩემთვის გაუგებარია ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროს, თუ საელჩოს დაქვემდებარების ქვეშ. როდესაც ატაშე არის ამერიკაში, ან თურქეთში, წარმოუდგენელია მინისტრს ჰქონდეს ყოველდღიური, თუნდაც ყოველკვირეული ურთიერთობა მასთან, ამიტომ ვფიქრობ, ამ ადამიანთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ელჩს უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.

























