საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, კრიპტოვალუტის ნაღდ ფულში კონვერტაციას. უწყების ცნობით, აღნიშნული საქმიანობით იგი ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია:
- კომპიუტერული ტექნიკა და ათეულობით საბანკო ბარათი;
- სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია;
- ნაღდი ფული - 83 903 აშშ დოლარი და 300 ევრო;
- 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე შესაძლო გადასახადებისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტების გამოვლენის მიზნით.




























