მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათი კომპანია, რომელთაც 2023 წელს უნდა დააკვირდეთ - Bloomberg Intelligence

63bd4d0c88215
გიორგი არონია
11.01.23 00:00
1040
პლანეტის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მეტად კომპლექსური ხდება, რაც მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ერთ-ერთი გამორჩეული ანალიტიკური პლატფორმის, Bloomberg Intelligence-ის საინვესტიციო ინდექსში ორი ათასამდე საჯარო კომპანია შედის - მათ შესახებ ინფორმაცია აინტერესებთ, როგორც ინვესტორებს, ასევე გადასახადის გადამხდელებს.

ყოველწლიურ ტრადიციას Bloomberg-მა არც ახლა უღალატა და იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომელთაც მიმდინარე წელს, თვალი უნდა ვადევნოთ. რეიტინგში ორმოცდაათი საჯარო კომპანია მოხვდა, სხვადასხვა ინდუსტრიიდან. კომპანიები Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა მათი ზრდის პერსპექტივის, ინფლაციური წნეხისადმი გამძლეობის უნარის, მაღალ მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებებისა და ახალი პროდუქტებისა და სერვისების მიხედვით შეარჩიეს.

ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ Bloomberg-ის მიერ რეკომენდებული კომპანიები მიმდინარე წელს შემოსავლის მოსალოდნელი ზრდის მიხედვით დაგველაგებინა - შედეგად კი, ასეთი სია მივიღეთ:

Airbus – 16%
ინდუსტრია: უსაფრთხოება
საბაზრო კაპიტალიზაცია: $93 მლრდ
CEO: გილმო ფაური
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 16%
შემოსავალი (12 თვე): $61.7 მლრდ

ევროპული სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტების ზრდისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების აღდგენის ფონზე, Bloomberg-ის ანალიტიკოსები კომერციული თვითმფრინავების წარმოების ტემპის აჩქარებას ვარაუდობენ. ამგვარად, Airbus-ი A320-ტიპის თვითმფრინავების თვიურ წარმოებას ჯერ 45 ერთეულამდე, მერე კი 60 ერთეულამდე გაზრდის. ამასთანავე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ევროპულ Airbus-ს კონკურენტულ უპირატესობას სძენს, ამერიკულ Boeing-თან შედარებით.

Luxshare Precision – 18%
ინდუსტრია: ელექტრონიკა
საბაზრო კაპიტალიზაცია: $32.4 მლრდ
CEO: ვანგ ლაიჩუნი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 18%
შემოსავალი (12 თვე): $29.1 მლრდ

ამერიკული გამოცემის შეფასებით, Apple-ის მიერ მომწოდებელთა წყაროების დივერსიფიკაციის პარალელურად, Luxshare-ის ბაზრის წილი სულ უფრო და უფრო გაიზრდება და 2025 წლისთვის, iPhone-ების საერთო წარმოების 25%-ს შეადგენს, დღევანდელი 6%-ის ნაცვლად. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ Luxshare-ის პორტფელი Apple-ის უსადენო ყურსასმენების წარმოების მიმართულებითაც გაიზრდება.

ASML – 20%
ინდუსტრია: ნახევარგამტარები
საბაზრო კაპიტალიზაცია: $235 მლრდ
CEO: პიტერ ვენნიკი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 20%
შემოსავალი (12 თვე): $22 მლრდ

Bloomberg-ის პროგნოზით, ნახევარგამტარების წარმოების ერთ-ერთი გლობალური ლიდერის, ASML-ის გაყიდვები 2023 წელს დაახლოებით 25%-ით გაიზრდება. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებსაც ASML-ი ფლობს, მეტად განვითარებულია და თან, კომპანიას მწირი შეხება აქვს კონტინენტურ ჩინეთთან, რომელიც, ბოლო დროს, ამერიკა-ჩინეთის დაძაბულობისა და გაურკვევლობის ერთ-ერთ მთავარ კერად ითვლება.

Singapore Airlines – 22%
ინდუსტრია: ტრანსპორტი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $11.8 მლრდ
CEO: გო ჩუნ ფონგი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 22%
შემოსავალი (12 თვე): $5.6 მლრდ

გასულ წელს, 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, სინგაპურის ავიახაზების მგზავრთნაკადი 75%-ით აღდგა. თუმცა, მგზავრთნაკადისა და მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდისა და ნავთობის შემცირებული ტარიფების ფონზე, Bloomberg-ის ანალიტიკოსები კომპანიის შემოსავლის კიდევ უფრო სწრაფ ზრდას ვარაუდობენ, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კომპანიის საბალანსო უწყისზე.

KE Holdings – 22%
ინდუსტრია: უძრავი ქონება
საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.3 მლრდ
CEO: პენგ იონგდონგი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 22%
შემოსავალი (12 თვე): $12.5 მლრდ

KE Holdings-ი უდიდესი ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც ჩინეთში უძრავი ქონების მიმართულებით ოპერირებს. საინტერესოა, რომ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ანალიტიკოსები კომპანიის შემოსავლის ზრდის ტემპის კლებას ვარაუდობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც გაიზრდება, თანაც 22%-ით.

Aker BP – 26%
ინდუსტრია: ნავთობი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $21 მლრდ
CEO: კარლ ჯონი ჰერსვიკი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 26%
შემოსავალი (12 თვე): $5.7 მლრდ

ამერიკული გამოცემის ანალიტიკოსების ვარაუდით, ნორვეგიული ნავთობმწარმოებელი კომპანია მეტად საინტერესო არჩევანია ინვესტორებისთვის, რადგან მიმდინარე წელს მან მოსალოდნელზე მაღალი დივიდენდები უნდა გასცეს. მათივე შეფასებით, ბაზარზე არასათანადოდ შეფასდა Aker BP-ის საოპერაციო მასშტაბის გაზრდა, რომელიც Lundin Energy-ის შესყიდვამ განაპირობა.

CATL – 33%
ინდუსტრია: ელექტრობატარეები
საბაზრო კაპიტალიზაცია: $128.3 მლრდ
CEO: ძენგ იუქუნი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 33%
შემოსავალი (12 თვე): $40.5 მლრდ

ამერიკული გამოცემის ვარაუდით, ელექტრობატარეების გაზრდილი ფასისა და ლითიუმის მოპოვების დანახარჯების შემცირების ფონზე, ელექტრობატარეების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, 2023 წელს ინვესტორებს სასიამოვნო სიახლეს უმზადებს: ანალიტიკოსების დათვლებით, ერთი წლის ჭრილში კომპანიის შემოსავალი 33%-ით გაიზრდება.

Prudential – 34%
ინდუსტრია: დაზღვევა
საბაზრო კაპიტალიზაცია: $31.1 მლრდ
CEO: მარკ ფიტცპატრიკი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 34%
შემოსავალი (12 თვე): $26.1 მლრდ

ამერიკული ბაზრის დატოვების და აღმასრულებელი ხელმძღვანელის და ფინანსური დირექტორის დაკარგვის შემდეგ, აზიის ბაზარზე ფოკუსირებული სადაზღვევო კომპანია აღმასვლისთვის ემზადება - კომპანიის ზრდას, უმეტესწილად, ჩინური ბაზარი განაპირობებს.

CrowdStrike – 38%
ინდუსტრია: პროგრამული უზრუნველყოფა
საბაზრო კაპიტალიზაცია: $31.6 მლრდ
CEO: ჯორჯ კერცი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 38%
შემოსავალი (12 თვე): $2 მლრდ

Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მომავალ ორ წელიწადში კიბერუსაფრთხოების კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი CrowdStrike-ი საკუთარ შემოსავალს 38%-ით გაზრდის, რაც, უმეტესწილად, კომპანიის პროდუქტების პორტფელის ზრდით და Amazon Web Services-თან თანამშრომლობით აიხსნება. 

Airports of Thailand – 123%
ინდუსტრია: ტურიზმი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $29.5 მლრდ
CEO: ნიტინაი სირისმატჰაკარნი
შემოსავლის მოსალოდნელი ზრდა 2023 წელს: 123%
შემოსავალი (12 თვე): $0.5 მლრდ

ტაილანდის აეროპორტების ოპერატორი ერთადერთია Bloomberg-ის საინტერესო კომპანიების რეიტინგში, რომლისთვისაც ანალიტიკოსები სამნიშნა ზრდას ვარაუდობენ, რაც, უმეტესწილად, აეროპორტებში არსებული საცალო ბიზნესების შემოსავლის ზრდით და ზოგადად ტურიზმის აღდგენითაა განპირობებული.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები