მიმდინარე კვირაში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
მინისტრის საათის ფორმატში წარსადგენი მოხსენება პარლამენტის საიტზე უკვე ატვირთულია.
ლევან დავითაშვილი წერს, რომ "აწარმოე საქართველოს" მიერ 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარია, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე, ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის.
"2023 წელს სესხის პროცენტის სუბსიდირების ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 650-ზე მეტმა პროექტმა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 900 მილიონ ლარამდე შეადგინა. 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, შედეგად მოხდება 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება. ასევე წარმატებით ფუნქციონირებს „საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმი“ - მის ფარგლებში 2023 წელს გაიცა 340-მდე სესხი, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.
ჯამურად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შექმნის დღიდან, ანუ 2014 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარზე მეტი მიმართა, მოხდა 5 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის ხელშეწყობა და შეიქმნა 75 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.
სააგენტოს მიერ სესხის სუბსიდირებისთვის დახარჯულ 1 ლარზე ბენეფიციარებმა 14 ლარის შემოსავალი მიიღეს. 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარია, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე, ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის", - წერია მოხსენებაში.
ვიცე-პრემიერი აანონსებს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს დაგეგმილია მიკროსესხების მხარდაჭერის ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს არსებული და დამწყები მიკრო ბიზნესისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების დაწყება/გაფართოება შეძლონ. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა.