მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს - აღნიშნული მთავრობის მიერ პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი.
7 თებერვალს კი აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მისი თქმით მოხდება "საქართველოს განვითარების ფონდის" და პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შერწყმა და ის ეკონომიკის განვითარებისთვის ბანკის მსგავს ფუნქციებს შეასრულებს.
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" საქართველოს მთავრობამ 2014 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა. პროგრამა რამდენიმე ძირითადი კომპონენტის სახით ფუნქციონირებს და მის ძირითად ფუნქციას კომერციული ბანკების მიერ გაცემული ბიზნესსესხების პროცენტის სუბსიდირება წარმოადგენს. შესაბამისად, პროგრამა მონაწილეობს ბანკების მიერ აღებული რისკის დაფინანსებაში და მსესხებლისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში. ამასთანავე, პროგრამას აქვს საკრედიტო საგარანტიო პროგრამა, რომლითაც ბანკების მიერ ქართული კომპანიებისთვის გაცემულ კრედიტებში საბანკო დეპოზიტის განთავსების მეშვეობით კრედიტის გარანტორის ფუნქციას ასრულებს. ასევე, პროგრამას აქვს ექსპორტის მხარდაჭერის, ლიზინგის, ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში კომპანიების მხარდაჭერის და სხვა ფუნქციები. ასევე "აწარმოე საქართველოში" ახდენს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირებას. მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კი პროგრამა სესხის თანადაფინანსებასთან ერთად გრანტებსაც გასცემს.
2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროგრამის მთლიანი დაფინანსება 232.7 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ადმინისტრაციული ხარჯებია 5.7 მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ მეწარმეობის განვითარების მიმართულებით გამოსაყოფი თანხა 227 მილიონ ლარს შეადგენს.
დეტალურად, "აწარმოე საქართველოში"-ს დაფინანსებების შესახებ საუბარია პროგრამის 2024 წლის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც წლის ბიუჯეტი - 191.5 მილიონი ლარი ასე ნაწილდებოდა:
| მიმართულებები: | გამოყოფილი თანხები - ლარი |
| სულ | 191,500,889 ლარი; |
| მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება | 177,491,440 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამის - საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში დეპოზიტებზე გარანტიის თანხის განთავსება | 60,498,362 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი (სუბსიდირება) | 43,271,019 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ნაწილი (სუბსიდირება) | 14,845,974 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ნაწილის საგრანტო კომპონენტი | 2,860,149 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამები - სუბსიდირებული იპოთეკური სესხი; იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი | 46,877,314 ლარი; |
| სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - კინო ინდუსტრიის ნაწილი | 5,058,548 ლარი; |
| მიკრო მცირე საშუალო საწარმოების გაციფრულება | 84,753 ლარი; |
| საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებები | 1,195,649 ლარი; |
| მიკრო სესხების პროგრამა (სუბსიდირება) | 1,264 ლარი; |
| მიკრო სესხების პროგრამა (დეპოზიტებზე გარანტიის თანხის განთავსება) | 2,798,408 ლარი; |
| კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერა | 580,460 ლარი; |
| ექსპორტის მხარდაჭერა | 8,651,874 ლარი; |
| საერთაშორისო ღონისძიებები | 7,799,170 ლარი; |
| TA - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა (ტექნიკური დახმარება) | 482,209 ლარი; |
| TA - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა (ექსპო გრანტი) | 370,495 ლარი; |
| ინვესტიციების მხარდაჭერა | 4,777,115 ლარი; |
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახით შეიქმნება "ეკონომიკის განვითარების ბანკი" და მოხდება თუ არა ამ ბანკის მიერ ბიზნესის საკრედიტო რისკის უფრო მეტად აღება, ვიდრე ეს ამჟამად პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხდება, რადგანაც არსებული მდგომარეობით პროგრამა ძირითადად ბანკების მიერ გაცემული კრედიტების პროცენტის თანადაფინანსებით და ბიზნესებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით არის დაკავებული. იმ შემთხვევაში თუკი "ეკონომიკის განვითარების ბანკი" თავად იქნება ბიზნესების სასესხო წინადადებების ერთადერთი განმხილველი და თავად გასცემს საბიუჯეტო სახსრებს ბიზნესებზე სესხებად, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის მოწყვლადობა შესაძლო საკრედიტო რისკისადმი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
საქართველოს მთავრობამ "ეკონომიკის განვითარების ბანკის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს.




























