მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს “ – „შიკოლი“ შოკოლადის მწარმოებლების რეგლამენტზე

60660dded5b56
თამთა ჯიჯავაძე
02.04.21 00:30
848
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“. რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ახალი რეგლამენტის შემუშავებას მიესალმება კომპანია „შიკოლის“ დამფუძნებელი თამთა ბენაშვილი. მისი თქმით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის შესახებ ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია.

„რეგლამენტი არეგულირებს დასახელებებს, ნედლეულის შემადგენლობას, ამიტომ, ვფიქრობ აუცილებელია მომხმარებლისთვის არსებობდეს ეს ინფორმაცია“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. „შიკოლის“ დამფუძნებლის თქმით, მანამდე საკმარისი დროა იმისათვის, რომ მწარმოებლები მოემზადონ ამ რეგულაციის ამოქმედებისთვის.

რაც შეეხება, მოსალოდნელ შესაძლო კოვიდ-რეგულაციებს, თამთა ბენაშვილი ამბობს, რომ „შიკოლი“ ყველანაირი რეგულაციისთვის მზადაა.

„რეგულაციები თავიდან ჩვენთვის შოკი იყო, მაგრამ ახლა მზად ვართ ყველანაირი რეგულაციისთვის. ჩვენ გადავედით ძირითადად, მომხარებლების ონლაინ მომსახურებაზე და მზად ვართ, რომ თუ შეზღუდვები ისევ დაწესდა, მოვერგოთ სიტუაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს არ მოხდეს“, - აღნიშნა მან.

„შიკოლის“ დამფუძნებლის თქმით, ლარის კურსი ფასებზე გავლენას ახდენს, თუმცა, ისინი ცდილობენ რომ მომხმარებელს პროდუქტი არ გაუძვირონ.

ამჟამად კომპანია აღდგომისთვის ემზადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია შოკოლადის მწარმოებლისთვის. გარდა ამისა, თამთა ბენაშვილის თქმით, ისინი მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდებიან. „დამატებითი პროდუქტები ძალიან მალე დაგვემატება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები