აპლიკაცია „ბულბული“, რომელიც ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს აუდიო სპექტაკლების ფორმატში გახმოვანებულ ზღაპრებს სთავაზობს, გაზაფხულიდან მარკეტინგული აქტივობების დაწყებას გეგმავს. სტარტაპის განვითარების გეგმებზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი ნათია ამირაძე საუბრობს.
„ბულბულის“ აპლიკაციაში განთავსებულია ქართული და მსოფლიო ზღაპრები გახმოვანებული და გათამაშებული ქართულ ენაზე, პროფესიონალი მსახიობების მიერ, მრავალფეროვანი ხმოვანი ეფექტებითა და მუსიკით.
აპლიკაციის შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელსაც დამფუძნებლები, როგორც მშობლები, წლების მანძილზე ვხედავდით. „ბულბულით“ სარგებლობა შეიძლება მგზავრობისას, კვებისას, მაშინ, როდესაც მშობელი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს ბავშვისთვის რაიმეს წაკითხვას ან მოყოლას და რა თქმა უნდა, ძილის წინ - როდესაც ბავშვი ბუნებრივად უნდა გადავიდეს სიფხიზლიდან ძილში.
ამ დროის მანძილზე ხდებოდა აპლიკაციის ბეტა ტესტირება, მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი, თუმცა გაზაფხულიდან ვიწყებთ მარკეტინგულ აქტივობებს და ვვარაუდობთ, რომ გამომწერების რაოდენობა და პირველივე თვეებში რამდენიმე ათასს გადააჭარბებს“, - ამბობს ნათია ამირაძე.
„ბულბულის“ თანადამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში 100-მდე აუდიო სპექტაკლია განთავსებული და იგეგმება, რომ საშუალოდ, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ახალი ზღაპარი დაემატოს.
„აპლიკაციის ბაზა მუდმივად და უსასრულოდ განახლდება. ახლო მომავალში ზღაპრების გარდა სხვადასხვა ისტორიებს, მითებსა და იგავ-არაკებს დავამატებთ. ასევე, გეგმაში გვაქვს ქართველ ავტორებს მივცეთ საშუალება, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ თავიანთი ზღაპრები, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებების დაცვით. სურვილი გვაქვს, პატარებს მუდმივად ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და სიახლის მოლოდინი.
რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება 1 კვირის მანძილზე მიიღონ უფასო წვდომა ზღაპრების სრულ ბაზაზე, რათა დარწმუნდნენ მასალის მაღალ ხარისხში, ამ ვადის შემდეგ კი გამოწერა (subscription მოდელი) ფასიანია და ამჟამად თვიური ღირებულება 3,99 ლარია“, - განმარტავს ნათია ამირაძე.
ინფორმაციისთვის, „ბულბულის“ საწყისი ინვესტიცია 50 000 ლარი იყო, თუმცა კომპანია ამ თანხის გაზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია სრულად საქართველოში შექმნილი პროდუქტია და ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებზე.

























