მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი - ქუთაისში "მორგებული" ტენდერით უხარისხო საცხოვრებელი აშენდა, გაიფლანგა 2 მლნ ლარი

5c7a5afe8a9d5
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.19 15:00
971
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის დიდი ნაწილი ეთმობა ქუთაისის ე.წ. სოციალურ საცხოვრებელს, რომელზეც აუდიტი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მორგებული ტენდერი შედგა, რომელში გამარკვებულმა კომპანია "სანომ" მომსახურება საბაზროზე 2 მილიონი ლარით ძვირად შეასრულა. აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტს მოუწოდებს აღნიშნული საქმის გამოძიებაში შესაბამისი უწყებები ჩაერთონ.

"სოციალური საცხოვრისის მშენებლობის პროცესი წარიმართა ისე, რომ კონკურსის პირობები მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს, სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და სავარაუდოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები ზედმეტად არის გადახდილი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს სოციალური საცხოვრისის არასაბაზრო ფასად შესყიდვის ფაქტი. გამოავლინოს კონკურსის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები", - წერია ანგარიშში.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უსახლკაროთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სოციალური საცხოვრისის შექმნის შესახებ. აღნიშნული საცხოვრისის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით გაითვალისწინა 4.3 მილიონი ლარი.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სატენდერო პირობები იმგვარადა იყო მორგებული შპს "სანოს" ინტერესებზე, რომ ტენდერში მონაწილეობა პრაქტიკულად მხოლოდ მას შეეძლო.

2016 წლის 11 ივლისს ჩატარდა სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „სანომ“, რომელმაც კონკურსზე წარადგინა ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩა №40 ბ-ში11 მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მასზე გაცემული სამშენებლო ნებართვა. აუდიტის დასვკით, კონკურსში მონაწილეობისას კომპანიამ მერიას არასწორი ინფორმაციაც მიაწოდა.

სოციალური საცხოვრისის პროექტი აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

"წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ შპს "სანომ" კონკურსზე წარადგინა არა ის პროექტი, რომელზეც ჰქონდა მშენებლობის ნებართვა, არამედ სხვა პროექტი . შესაბამისად შპს "სანოს" მიერ კონკურსზე წარდგენილ პროექტს მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა . შესწავლით ირკვევა, რომ კონკურსზე წარდგენილი პროექტი არ შეესაბამება კონკურსის პირობებს, პროექტის დიზაინი არ აკმაყოფილებდა საცხოვრებელი სახლისათვის აუცილებელი მოთხოვნებს . კერძოდ: პროექტს არ ჰქონდა აივნები, ფანჯრები არ იყო საცხოვრებელი სახლისთვის შესაფერისი და სხვა. მიუხედავად აღნიშნულისა, კონკურსანტის დისკვალიფიკაციის ნაცვლად, კომისიამ მოიწონა შპს "სანოს" საკონკურსო წინადადება და გამოაცხადა გამარჯვებულად. შპს "სანოს" მიერ კონკურსზე დაფიქსირებული 1კვ.მ ფართის ფასი შეადგენდა 1,000 ლარს. შესაბამისად 2,500 კვ.მ სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ღირებულება განისაზღვრა 2.5 მლნ ლარი.

2016 წლის 20 ივლისს მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს "სანოს". საკონკურსო პირობების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 1 თებერვლამდე. შპს "სანომ" სამუშაოების დასრულება ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. შესწავლით ირკვევა, რომ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების ჩაბარების ვადა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე გადაიწია 2017 წლის 30 აპრილამდე. მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისათვის არ უნდა გადაეწია სამუშაოების დასრულების ვადა და უნდა გაეტარებინა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

2017 წელს 21 აპრილს მერიამ ჩაიბარა სოციალური საცხოვრისი და ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა შპს "სანოს". ხელშეკრულების თანახმად, მერიამ შეისყიდა 2500
კვ.მ ფართის შენობა და კეთილმოწყობილი ეზო, რემელშიც გადაიხადა 2.5 მლნ. ლარი.

2017 წლის 8 სექტემბერს მერიასა და შპს "სანოს" შორის გაფორმდა მორიგი ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მერიამ შპს "სანოსაგან" დამატებით შეისყიდა იმავე შენობაში არსებული ფართები. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, მერიამ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შპს "სანოსაგან" დამატებით შეისყიდა 1,872 კვ.მ ფართი ღირებულებით 1.872 მლნ ლარი.

მერიამ ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შპს "სანოსაგან" შეისყიდა 4,372 კვ.მ  საცხოვრებელი ფართი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 4.3 მლნ ლარს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 10 მაისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ  შეისყიდა, ქალაქ ქუთაისში შერვაშიძის ქ. № 53 -ში ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის  მშენებლობა, გარე ეზოს კეთილმოწყობით. აღნიშნულ პროექტში, სამინისტრომ 1 კვ.მ  საცხოვრებელი ფართის მშენებლობაში გადაიხადა 850 ლარი, ხოლო მერიამ 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მშენებლობაში გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, მერიამ 1 კვ.მ  საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქციაში, სამინისტროს მიერ გადახდილ თანხებთან შედარებით, მინიმუმ 150 ლარით უფრო ძვირი გადაიხადა, რაც ჯამში 655.8 ათასი ლარს  შეადგენს. მერიამ საცხოვრისის მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის პროცესი წარმართა ისე, რომ გაემარჯვა შპს "სანოს".

აღსანიშნავია, რომ შპს "სანო" ახალი დარეგისტრირებული ფირმა იყო, მას ქ. ქუთაისში არ გააჩნდა უძრავი ქონება. შესწავლით ირკვევა, რომ შპს "სანომ" კონკურსის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე შეისყიდა ნიკეას ქუჩა №40 ბ-ში მდებარე შენობა 300.0 ათასი აშშ დოლარად. შპს "სანოს" კონკურსის პირობების შესაბამისად უნდა განეხორციელებინა შენობის რეკონსტრუქცია. წარმოდგენილი მონაცემებით, შპს "სანომ" 4372 კვ.მ შენობა გაარემონტა თაბაშირ მუყაოს მასალით და მუნიციპალიტეტს მიყიდა 4.3 მლნ ლარად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მერიას საცხოვრისის რეკონსტრუქციის პროცესში, რაიმე სახის კონტროლი შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მოცულობაზე არ განუხორციელებია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოგვიდგინა ინფორმაცია, შეესაბამებოდა თუ არა შპს "სანოს" მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი გადახდილ ფასს. ასევე რამდენად აკმაყოფილებდა შენობა კონკურსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2018 წლის 24 იანვარს, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა სოციალური საცხოვრისის შენობა. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სოციალური საცხოვრისის შენობა, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით. კერძოდ, სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, შენობას არ აქვს აივნები, ფანჯრები დამონტაჟებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ მანძილი ფანჯრის სახელურიდან იატაკამდე დაახლოებით 2 მეტრია, რაც ართულებს მოსახლეობის მხრიდან მათ გამოყენებას. გარდა ამისა, სამზარეულო და საძინებელი ოთახები არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და სხვა. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლების განმარტებით, შენობაში განხორციელებული რემონტი დაზიანებულია და საცხოვრებლად არ არის შექმნილი სათანადო პირობები, რაც არაერთგზის გაშუქდა მედია საშუალებებით.

მერიამ ხელშეკრულებების მიხედვით, შპს "სანოსგან" ჩაიბარა 4372 კვ.მ ფართი ღირებულებით 4.3 მლნ ლარად. სხვაობა მერიის მიერ დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს შორის შეადგენს 83 კვ.მ, ხოლო სხვაობა ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ღირებულებას შორის შეადგენს 2.0 მლნ ლარს", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები