სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, სამსახურმა 2016 წელს 3,604 თანამშრომელზე პრემია სათანადო დასაბუთების გარეშე გასცა. ანგარიშის თანახმად, სამსახურის 45-მა თანამშრომელმა პრემია 30 დღეზე ნალები ვადის დასაქმების მიუხედევად აიღო. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესს.
"2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3,604 თანამშრომელზე გაცემული 7,128,200 ლარის პრემია, არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა.
2016-2017 წლებში 809 თანამშრომელზე გაცემულ პრემიასთან დაკავშირებით, რომელიც მათ თანამდებობრივ სარგოს 391,750 ლარით აღემატებოდა, შემოსავლების სამსახურმა ვერ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა სარგოზე მეტი ოდენობით პრემიების გაცემის დეტალური მოტივი.
შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენება, ასევე თანამშრომელზე რემია არ გაიცემა, თუ მისი სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნიდან, პრემიის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე გასულია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. განსხვავებული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს
სამსახურის უფროსის მიერ.
2016-2017 წლებში 85 თანამშრომელზე გაიცა 94,825 ლარის ოდენობით პრემია მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, ხოლო 39,675 ლარის ოდენობის პრემია გაიცა 45 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იყო გასული, რაც შინაგანაწესით განსაზღვრული შეზღუდვების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს", - წერია ანგარიშში.
ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ დანამატებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის უწყებაში აღნიშნულ პერიოდში გაიცემოდა.
"ორგანიზაციაში არ იყო უზრუნველყოფილი შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობა და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა", - მიიჩნევენ აუდიტის სამსახურში.

























