მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: 2017 წელს "საქართველოს ფოსტამ" სახელმწიფო შესყიდვების გეგმა 76-ჯერ შეცვალა

5c8cc1ed8b416
თელარა გელანტია
16.03.19 13:27
1228
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, 2017 წელს „საქართველოს ფოსტამ“ სახელმწიფო შესყიდვების გეგმა 76-ჯერ შეცვალა.

ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტი მიუთითებს იმაზეც, რომ შესყიდვების გეგმის ცვლილებების მიზნობრიობა და საფუძველი კომპანიაში სათანადოდ არ დოკუმენტირდება.

აუდიტის ანგარიშის მიხედვითვე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს, შემსყიდველის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესრულებული სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა მარაგების გათვალისწინებით.

„შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა დამტკიცებულია კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ. წლის განმავლობაში გეგმა შეიცვალა 76-ჯერ. საბოლოოდ გეგმა დაზუსტდა 2017 წლის 21 დეკემბერს და ითვალისწინებდა 18,401,922 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯმა მხოლოდ 11,764,238 ლარი შეადგინა (64%). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიაში სათანადოდ არ დოკუმენტირდება შესყიდვების გეგმის ცვლილებების მიზნობრიობა და საფუძველი. კომპანიაში არ მზადდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“ 15 საფუძველზე განსახორციელებელი შესყიდვების წლიური გეგმა. მიუხედავად გეგმის მომზადებაზე საკანონმდებლო მოთხოვნების არარსებობისა, შესყიდვების დეტალური და დროული დაგეგმვა მნიშვნელოვანია ფულადი სახსრების გადინების ეფექტიანი პროგნოზირებისათვის“, - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კომპანიის ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ ეფექტიანი მართვისა და ფინანსური რესურსის სწორად გასანაწილებლად, მნიშვნელოვანია, შპს „საქართველოს ფოსტამ” სრულყოფილად გაითვალისწინოს დასაგეგმი წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვები და შესყიდვების გეგმაში აუცილებელი ცვლილების შემთხვევაში, შეიმუშაოს ისეთი პროცედურა, რაც ცვლილების საფუძვლისა და მიზნობრიობის დოკუმენტირებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის: შპს „საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოა. კომპანიის წილის 100%-ს ფლობს საქართველოს სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები