აუდიტის სამსახურში ეჭვობენ, რომ "ბიზნეს სახლის" პროექტის შესყიდვის პროცედურები, შესაძლოა, დაჩქარებული გზით განხორციელდეს და მიაჩნიათ, რომ ამ გზით ხარჯები ვერ დაიზოგება, - ამის შესახებ საუბარია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბიზნეს სახლის“ პროექტისთვის სამინისტროსთვის გადაცემული 61 მილიონი ლარი და ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებების მშენებლობისთვის გადაცემული 30 მილიონი ლარი, კომერციულ ბანკებში, დეპოზიტურ ანგარიშებზეა განთავსებული.
"აღნიშნული პროექტების განხორციელება აუდიტის დასრულების პერიოდისთვის (2018 წლის ივნისი) ჯერ არ იყო დაწყებული და შესაძლოა, 2018 წელსაც ვერ განხორციელდეს. ამასთანავე, იზრდება რისკი, რომ პროექტის განხორციელების შესყიდვის პროცედურები განხორციელდეს დაჩქარებული გზით, რაც ვერ უზრუნველყოფს გამოყოფილი სახსრების ეკონომიურ ხარჯვას", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.