სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აქვეყნებს. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ პირველი ვარიანტის გადამუშავების შემდეგ, გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2 რეკომენდაცია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში მოხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამატებით 3 რეკომენდაციის ასახვა.
კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს დაემატება სახელმწიფო საწარმოებისა და PPP/PPA ხელშეკრულებების ფისკალური რისკების ანალიზი.
რაც შეეხება დარჩენილ რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილების პროექტში სრულად არ მოხდა IMF-ის რეკომენდაციების გათვალისწინება. კერძოდ, IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობის ვალი უნდა მოიცავდეს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს, რომლებიც კლასიფიცირდებიან როგორც სამთავრობო სექტორი. მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს სახელმწიფო საწარმოების დაკლასიფიცირება და შესაბამისი საწარმოების ვალდებულებები გათვალისწინებულ იქნეს მთავრობის ვალის მოცულობაში.
""ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით მთავრობის ვალის ნაშთში უნდა შედიოდეს „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება. თუმცა, ბიუჯეტის კანონპროექტი აღნიშნულ მაჩვენებელს არ მოიცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია ვალის ნაშთში გათვალისწინებულ იქნეს როგორც კანონის მიღებამდე, ასევე კანონის დამტკიცების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში წარმოქნილი ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით არსებული ფისკალური რისკების სრულად წარმოდგენას“, - განმარტავენ აუდიტის სამსახურში.
ამასთანავე, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის ვალში უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტებისა და სსიპ-ების ვალები. აუდიტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, დროულად დაინერგოს აღნიშნული ვალდებულებების მონიტორინგის სისტემა და წარმოდგენილ იქნეს მთავრობის ვალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.
""ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართულ დოკუმენტაციაში მოხდეს ინფორმაციის წარმოდგენა დაკორექტირებული ფისკალური წესების (ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობა) შესაბამისად“, - განმარტავენ აუდიტში.