სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარტვილის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, 2016 წელს საკრებულოში შექმნილი იყო მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რომელმაც საქმიანობა ამავე წლის 21 ივლისის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვიტა. რაც იმას ნიშნავს რომ რაიმე აქტივობა აღარ განუხორციელებია, არ ჩატარებულა სხდომები, კომისიის წევრები არ გასულან ობიექტების დასათვალიერებლად. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 21 ივლისის შემდეგ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე გაიხარჯა 201.6 ლიტრი საწვავი.
აუდიტის ინფორმაციით, 323 ლიტრი საწვავი გაიცა 7 პირის კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე, აღნიშნული პირების შვებულებაში ყოფნის დროს.
2016 წლის 4 ივლისს გაუქმდა ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, მიუხედავად ამისა, 5, 9 და 10 ივლისს, გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარის ავტომანქანაზე 30 ლიტრის ოდენობით საწვავი გაიხარჯა.
“ხარჯვის რაციონალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს საწვავი უნდა გაეცა საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა საწვავი გასცა საკრებულოს ფრაქციასა და კომისიაზე მათი გაუქმების შემდეგაც. ასევე საწვავი გასცა თანამშრომლებზე, მათი შვებულებაში ყოფნის დროსაც. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა ხარჯვის რაციონალურობის პრინციპი. მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს”–ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

























