მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელზე 715,000 ლარი არაეფექტიანად დახარჯა

5c7a718779273
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.19 18:00
1126
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ქალაქის მერიამ არასათანადოდ ორგანიზებული ტენდერითა და დაგეგმვის გარეშე შესრულებული სამუშაოებისა და აღნიშნული სამუშაოების კონტროლის სისუსტის შედეგად 715,000 ლარი არაეფექტიანად დახარჯა.

2015-2016 წლებში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე განათების ქსელის საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 2,697.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს აღნიშნული მომსახურება შესყიდული აქვს ელექტრონული ტენდერების საშუალებით. 2015 წლის მომსახურება შესყიდულია 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით23 . ხელშეკრულების ფასი 1,483.6 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულება 1,340.5 ათასი ლარია. 2016 წლის მომსახურება შესყიდულია 2016 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებით24 , ხელშეკრულების ფასი 1,430.6 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულება 1,357.4 ათასი ლარია. ორივე წელს ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის სანათი წერტილის (789 ობიექტი, 13635 წერტილი), შუქნიშნებისა (29 ობიექტი) და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მოვლა- პატრონობასა და ექსპლოატაციას.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოებები:

"გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურება წარმოადგენს სპეციფიკურ სამუშაოს, რადგან ელექტროგანათების სისტემების ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მომსახურების ხარისხიანად და უსაფრთხოდ მისაწოდებლად, მომსახურე კომპანიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი გამოცდილება. ქალაქ ქუთაისში ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მომსახურე კომპანიებს არ გააჩნდეს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გამოცდილება. შესაბამისად მომსახურების შესყიდვისას შესაძლოა წარმოიქმნას არაკონკურენტული გარემო. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ქუთაისის მერიის მიერ 2012-2017 წლებში გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2014 წელს - მოთხოვნილი იყო 1 მლნ ლარის სამუშაო გამოცდილება, 2015 წელს - 1.5 მლნ ლარი, 2016 წელს - 1.5 მლნ ლარი, ხოლო 2017 წელს - 3.2 მლნ ლარი . ყველა ტენდერში უკონკურენტოდ იმარჯვებდა და ხელშეკრულებები უფორმდებოდა შპს „გლობალ სერვისს“. აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები, საქართველოს მასშტაბით. შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისის მერიის მიერ მოთხოვნილი ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დაკმაყოფილება შეეძლო მხოლოდ 3 მიმწოდებელს - შპს „სინათლის ქალაქს“, შპს „აჭარგანათებას“ და შპს „გლობალ სერვისს“. აღნიშნული მიმწოდებლებიდან 2 მათგანი - შპს „სინათლის ქალაქი“ და შპს „აჭარგანათება“, მონაწილეობს მხოლოდ ქ. თბილისის და აჭარის ტერიტორიის გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კი, გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურების მიწოდებას, 2012 წლიდან ახორციელებდა შპს „გლობალ სერვისი“ . შეფასება იმისა, თუ რამდენად ადეკვატური იყო, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური სამუშაო გამოცდილებები, სცილდება აუდიტის ჯგუფის კომპეტენციას. ვინაიდან ქ. ქუთაისში გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურებაზე ტენდერები ტარდება მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და საბაზრო ფასი ვაჭრობის შედეგად არ რეგულირდება, მნიშვნელოვანია შემსყიდველმა ორგანიზაციამ სათანადოდ დათვალოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნების და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერებზე, 2015 წელს მერიამ სავარაუდო ღირებულებად 1,505.5 ათასი ლარი , ხოლო 2016 წელს - 1,445.8 ათასი ლარი განსაზღვრა. მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2015-2016 წლების გარე განათების მომსახურების სავარაუდო ღირებულებები დათვლილი იქნა 2009- 2010 წლებში შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალი არ შეცვლილა, ხდებოდა მხოლოდ საპროექტო ორგანიზაციის მიერ მისი განფასება. 2015-2016 წლებში სავარაუდო ღირებულებები გაანგარიშებული და დათვლილი იყო აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც უსასყიდლოდ, საპროექტო ორგანიზაცია - „შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“ განაფასა. ვინაიდან ხარჯთაღრიცხვები გაფასებული იყო უსასყიდლოდ, არსებობს რისკის იმისა, რომ საპროექტო ორგანიზაციები მოქმედებდნენ შეგნებულად, მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მიმწოდებელი კომპანიის სასარგებლოდ. აღნიშნული წარმოშობს რისკს იმისა, რომ გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურების სავარაუდო ღირებულებები არ იყო სათანადოდ დათვლილი. აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა, ხომ არ შეიცავდა სავარაუდო ღირებულება რისკის შემცველ გარემოებებს. მერიამ წარმოადგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ გაფასებული 2015 წლის ხარჯთაღრიცხვა . შესწავლით გამოვლინდა, სხვადასხვა სახის რისკის შემცველი სამუშაოების არსებობა, კერძოდ:

წარმოდგენილი 2015 წლის გაანგარიშებული სავარაუდო ღირებულების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებელს დღისა და ღამის საათებში, ორჯერ მსუბუქი ავტომანქანით და ერთჯერ ავტო ამწეთი უნდა განეხორციელებია გარე განათების ქსელის შემოვლა, წლიური ღირებულებით 569.6 ათასი ლარი. აღნიშნულ მომსახურებაში 2015-2016 წლებში მერიამ მიმწოდებელს აუნაზღაურა 435.9 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მერიამ დააფუძნა ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისი“, რომელსაც დაევალა გარე განათების ქსელის საექსპლოატაციო მომსახურების გაწევა. ა(ა)იპ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულია გარე განათების სანათი წერტილების შემოვლა-დათვალიერებისთვის თვეში 470 ლიტრი საწვავის ხარჯი. აღნიშნულით, წლის განმავლობაში საჭიროა დაახლოებით 15 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. ამ მომსახურებას ასრულებს ა(ა)იპ-ის 4 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურება წლის განმავლობაში შეადგენს 66.0 ათას ლარს . აღსანიშნავია, რომ საწვავი და შრომითი რესურსი განკუთვნილია არა მარტო შემოვლითი სამუშაოებისათვის, არამედ ყველა იმ საჭირო ოპერაციისათვის, რომელიც ევალებათ შესაბამის მოსამსახურეებს. შესაბამისად, მერიამ ვერ წარმოადგინა სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებები, რა აუცილებლობით იყო განპირობებული გარე განათების ქსელის შემოვლაში 435.9 ათასი ლარის გადახდა, როდესაც 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ა(ა)იპ ახორციელებს მომსახურებას, ქსელის დათვალიერებაში სხვა სამუშაოებთან ერთად, იხარჯება 81.0 ათასი ლარი. ამასთან, 2015-2016 წლებთან შედარებით, მომსახურეობა რაიმე სახით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 2015 წლის გაანგარიშებული სავარაუდო ღირებულების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებელს 432 წერტილზე უნდა განეხორციელებია სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დაფიქსირებული მონაცემების შედარება მრიცხველის ფაქტიურ მაჩვენებლებთან, წლიური ღირებულებით 5.1 ათასი ლარი. აღნიშნული მომსახურებისათვის, 2015-2016 წლებში მერიამ შპს „გლობალ სერვისს“ აუნაზღაურა 35.2 ათასი ლარი. მერიის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებებით იყო გამოწვეული მრიცხველების მაჩვენებლების სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარების მომსახურების შესყიდვა, მაშინ როდესაც მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვას და კონტროლს ახორციელებდა სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ხოლო ელექტროენერგიის თანხას იხდიდა მერია.

ზემოთ აღნიშნული, მინიმუმ 2 დასახელების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო გაზრდილი. შესაბამისად, 2015-2016 წლებში ქალაქ ქუთაისში გარე განათების ექსპლოატაციის მომსახურების სავარაუდო ღირებულებები არ ეყრდნობოდა რეალურ გათვლებს. გამომდინარე აქედან, აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა, შესრულებული სამუშაოების აქტებში მონაცემები ფიქტიურად ხომ არ აისახებოდა. აუდიტის ჯგუფმა ქ. ქუთაისის მერიას მოსთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გავლილი მანძილის შესაბამისობას, შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებულ მონაცემებთან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, GPS მოდულის მეშვეობით ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გადამოწმება და მონიტორინგი. აუდიტის ჯგუფმა მოსთხოვა მერიას წარმოედინა აღნიშნული სისტემის მონაცემები ავტომანქანების მოძრაობის შესახებ. მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომ GPS მოდულის გამოყენება ხდებოდა სპეციალური პორტალის მეშვეობით. თუმცა 2015-2016 წლების ინფორმაციაზე წვდომა ვერ მოხერხდა, რადგან პორტალი განახლებული არ იყო. ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებისა და რისკის შემცველი გარემოებების ერთობლიობა წარმოშობს რისკს იმისა, რომ 2017 წლის ტენდერიც ანალოგიურად წარმართულიყო. ქ. ქუთაისის მერიამ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 2017 წლის გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნების და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვაზე , სავარაუდო ღირებულებით 2 692.2 ათასი ლარი. 2017 წლის სავარაუდო ღირებულებაც დათვლილი იქნა წინა წლების მსგავსად. ხარჯთაღრიცხვა უსასყიდლოდ განაფასა ი.მ „ვაჟა ოქროპირაშვილმა“ . ამ შემთხვევაშიც, რადგან ხარჯთაღრიცხვა გაფასებული იყო უსასყიდლოდ, არსებობს რისკის იმისა, რომ სავარაუდო ღირებულება შეგნებულად იყო გაზრდილი, მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მიმწოდებელი კომპანიის სასარგებლოდ. შესწავლილი იქნა, ხომ არ იყო 2017 წლის ხარჯთაღრიცხვაში რისკის შემცველი სამუშაოები. გამოვლინდა, რომ წინა წლების მსგავსად, 2017 წელს მერიამ ქსელის შემოვლა-დათვალიერებაში 232.1 ათასი ლარი, ხოლო მრიცხველების შემოწმებაში 12.4 ათასი ლარი გადაიხადა. 2017 წლის გარე განათების ექსპლოატაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1,246.4 ათასი ლარით. სავარაუდო ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად გამოიწვია ახალი სამუშაოს დამატებამ. კერძოდ: ძველი სანათების ყოველთვიურად 350 ცალი 90 ვატიანი დიოდური კონსოლური სანათების ჩანაცვლებამ , ღირებულებით 1,224.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის ტენდერის ფარგლებში დაიგეგმა 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა. ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის ტენდერზე ყოველთვის უკონკურენტოდ იმარჯვებდა შპს „გლობალ სერვისი“, რადგან სხვა კომპანიებს არ გააჩნდათ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილება. შესაბამისად, სანათების შესყიდვის პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნისა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის მიზნებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ინტერესში იყო 4200 ცალი სანათის შესყიდვა მოეხდინა ცალკე ტენდერით. ქუთაისის მერიამ ვერ წარმოადგინა შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული სანათების შესყიდვის გაერთიანება გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურეობის შესყიდვასთან. აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა, იქონია თუ არა აღნიშნულმა შეზღუდვამ გავლენა შესყიდული სანათების ფასზე და რამდენად საბაზრო ფასად იყო სანათების შესყიდვის ღირებულება გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ქვეყნის მასშტაბით, გადამოწმდა 90 ვატიანი დიოდური კონსოლური სანათების შესყიდვის ტენდერები. გამოვლინდა, რომ მსგავსი ტიპის 1 ერთეული სანათი მოწყობილობის საბაზრო ღირებულება მერყეობს 133 ლარიდან 220 ლარამდე, მაშინ როდესაც მერიას ერთ სანათში გადახდილი აქვს 275 ლარი. მაგალითად, 2017 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მსგავსი ტიპის სანათები 200.8 ლარად იყიდა37 . ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, 90 ვატიანი 1 ერთეული დიოდური სანათი, ა(ა)იპ სულ 4200 ცალი 36 გარე განათების მომსახურეობის ტენდერებს იგებდა ერთადერ „ქუთგანათების სერვისმა“ ტენდერის გზით შეისყიდა 112 ლარად38 . შესაბამისად, მსგავსი სანათების შესყიდვის ტენდერების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მნიშვნელოვანი სხვაობებია მერიის მიერ გადახდილ ფასსა და სანათების საბაზრო ღირებულებას შორის. მერიას შეეძლო 4200 ცალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა გამოეყო გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის ტენდერიდან და გამოეცხადებინა ცალკე, ტენდერის საშუალებით. აღნიშნულით, შესაძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, ვინაიდან ბაზარზე არსებობდა სანათი მოწყობილობის მიმწოდებლები და ტენდერი სავარაუდოდ ჩატარდებოდა კონკურენტულ გარემოში. არსებობს რისკი იმისა, რომ სანათი მოწყობილობების შესყიდვა, შეგნებულად დაიგეგმა გარე განათების ქსელის მოვლა- პატრონობის ტენდერის ფარგლებში.

დასკვნა

მერიამ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნების და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი წარმართა ისე, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში, სულ 715.6 ათასი ლარის გადახდა . აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, შეასრულა თუ არა მიმწოდებელმა აღნიშნული სამუშაოები. ამდენად, დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია ის, რომ 715.6 ათასი ლარი გახარჯულია არაეფექტიანად", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები