მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: საჩხერის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მოწყობილ ჭაბურღილში წყალი არ ამოვიდა

5c7cd44c110b1
დათო ჯალაღონია
04.03.19 11:43
2110
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 243.6 ათასი ლარის ღირებულების მასალები შეისყიდა, საიდანაც 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, 29.5 ათასი ლარის მასალები კვლავ აუთვისებელი იყო.

კერძოდ, 2016 წელს, მუნიციპალიტეტმა სოფელ ცხამში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მიზნით, 6.9 ათასი ლარის მასალები და 2.3 ათასი ლარის ღირებულების 15-ტონიანი წყლის ავზი შეიძინა. აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ შესყიდული მასალები გამოყენებული არ არის და დასაწყობებულია, ისევე როგორც წყლის ავზი, შესაბამისად, მოსახლეობა განხორციელებული პროექტის შედეგებით ვერ სარგებლობს.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 142 ათასი ლარი, 10 სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის დახარჯა. აუდიტის ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მშენებლობა დასრულებული არ არის და სარიტუალო დარბაზები არ ფუნქციონირებს.

„ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლების უმეტესობაზე მუნიციპალიტეტის 2017 და 2018 წლების ბიუჯეტებიდან პროექტების დასრულებისათვის თანხები გათვალისწინებული არ იყო. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სარიტუალო დარბაზების მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯულია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში პროექტები დაუსრულებელია, მშენებლობის პროცესის გაჭიანურების გამო ზიანდება და მოსახლეობა შედეგებით ვერ სარგებლობს“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ასევე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წელს, სოფელ ქორეთში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, რაზეც 9.2 ათასი ლარი დაიხარჯა, შესრულებული სამუშაოს ადგილზე დათვალიერების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს.

„კერძოდ, მიუხედავად ჭაბურღილის მოწყობისა, მასში წყალი არ ამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ჭაბურღილის მოწყობამდე გეოლოგიური კვლევა წყლის დებეტის არსებობასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტის სათანადოდ დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება, შედეგად მოსახლეობა ვერ სარგებლობს განხორციელებული პროექტით“, - წერს აუდიტის სამსახური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები