სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო უწყებებში შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხები ცალკეულ შემთხვევებში აუთვისებელი რჩება, ან თანამშრომლებზე წახალისების სახით ნაწილდება.
ეს დასკვნა უწყებამ მიმდინარე და გასული წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით გააკეთა და ფინანსთა სამინისტროს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით დეტალური ინფორმაციის ასახვა ურჩია.
"საყურადღებოა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე "შრომის ანაზღაურების" მუხლის დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მომავალი წლის საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვის პროცესში არ ხდება უწყებაში ფაქტიურად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გასული და მიმდინარე წლების მაჩვენებლების გათვალისწინება და გეგმური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად კი, ზოგიერთ საჯარო უწყებაში წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ ოდენობას", - ნათქვამია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადი და ბიუჯეტის კანონი, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.
"ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ფაქტობრივად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა ოდენობის მნიშვნელოვან ჩამორჩენას გეგმით დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით", - აღნიშნულია დასკვნაში.
აუიდიტის სამსახურის რეკომენდაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მაჩვენებლის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ათვისებული საბიუჯეტო რესურსების შესადარისობას გეგმურ მაჩვენებელთან და შესაბამისად, ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშგების პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

























