მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა ისტორიული მაქსიმუმს გაუტოლდა

58071c8db266a
დავით ჯალაღონია
19.10.16 10:54
1424
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა ისტორიული მაქსიმუმს გაუტოლდა.  როგორც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია მოცემული, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 15 მილიარდ 403.1 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2016 წლის დაგეგმილ მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

"2016 წლის ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილი მონაცემებით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42.6%-ს გაუტოლდება, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, ანალოგიური მაჩვენებელი 42.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2017 წლის ბოლოსათვის მოსალოდნელია ვალის ტვირთის ინდიკატორის (ვალი/მშპ) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება, თუმცა საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კვლავ გადააჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს, შიდა ვალი 3 მილიარდ 263 მილიონი ლარით, საგარეო კი - 12 მილიარდ 140 მილიონით განისაზღვრა.

ამ მონაცემების ანალიზთან ერთად, აუდიტის სამსახური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენების მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას.

"კანონში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენება წლიური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მიზნისათვის. აღნიშნული კი, მაგალითად, შეუძლებელს ხდის დადგინდეს ბაზრის განვითარებისათვის გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული სახსრების გამოყენების ეფექტიანობა, ანუ რამდენად დადებითად იმოქმედა აღნიშნული მიზნობრიობით გამოშვებულმა ფასიანმა ქაღალდებმა ბაზრის განვითარებაზე, მაშინ როდესაც მობილიზებული სახსრების გამოყენება შესაძლებელია ბიუჯეტით განსაზღვრული ნებისმიერი მიზნისათვის. გამომდინარე აქედან, რთულია განისაზღვროს ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება მოცემული ღონისძიების ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე ზეგავლენის შეფასება“, - ნათქვამა დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ სახაზინო ვალდებულებების ზრდასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა შეფასება, რომელიც აუდიტის სამსახურის მოსაზრებისგან განსხვავდება.

„ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების ზრდას, რამდენადაც სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - ნათქვამია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სებ-ის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები