2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე აუდიტის სამსახურმა საკუტარი დასკვნა წარმოადგინა, - დასკვნის დეტალებზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ აუდიტის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსი ვანო შავდათუაშვილი საუბრობს.
-ბატონო ვანო, თქვენს ანგარიშში ასეთი ფრაზაა ნათქვამი, რომ მნიშნელოვანია თითოეული პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორის ზეგავლენა ზოგად თეორიულ ხასიათს არ ატარებდეს და შესაბამისი რაოდენობრივი მახასიათებლებით იყოს გამყარებული. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მიზეზი და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს გაანგარიშებები?
- ეს არ არის პირველი ანგარიში, სადაც ეს რეკომენდაცია იქნა ჩაწერილი. მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის მომზადება დაიწყო, გაგვიჩნდა რეკომენდაციის დაწერის მიზანი. ვხედავდით, რომ დოკუმენტში მოცემული იყო ციფრები და ის პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორები, თუმცა მათი მოხდენის ალბათობა, მაგალითად რამდენად იქნება მათი ფისაკლურ პარამეტრებზე გავლენა ცალსახად და ნათლად არ ჩანდა. გამომდინარე აქედან, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი მიგნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც თავის გაიდლაინებსა და სახელმძღვანელოებში სწორედ ამას ამბობს, რომ თუ კი ასეთი ანალიზი ჩატარებული იქნება და მასში დასახელებული იქნება რომელიმე დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი, ის აუცილებლად შეფასებული უნდა იქნეს მისი მოხდენის ალბათობით.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტში სცენარებიც კი არის მითითებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი, რა გავლენები შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პარამეტრმა, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად საპროგნოზო მაჩვენებელს ?
-პროგნოზი მაქსიმალურად ზუსტი გამომდინარე იქიდან უნდა იყოს, რომ საგადასახადო შემოსავლები ეს არის ძირითადი ნაწილი ბიუჯეტის სამწლიანი შემოსულობების, ანუ მთლიანად თუკი საგადასახადო შემოსავლებში არასწორ პროგნოზს გავაკეთებთ, ეს ავტომატურად გადაეცემა იმას, რომ შესაბამისი ოდენობის გადასახდელებს ვერ დავაფინანსებთ. ამიტომ ეს პროგნოზები მაქსიმალურად ზუსტი უნდა იყოს და რეალისტურ გათვლებს მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს. ბოლო წარდგენისას საშემოსავლო გადასახადი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მანამდე იყო. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 23%-იანი ზრდა არის, რაც საქართველოს რეალობაში უპრეცედენტოა, ვინაიდან უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ საშემოსავლო გადასახადში ამხელა პროცენტული ზრდა ჩვენ არ გვქონია.
-იგივეა დივიდენდებით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით. აქ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა აუდიტის სამსახურის მხრიდან, რადგან თქვენ პრაქტიკულად აანალიზებთ დივიდენდებით რამხელა შემოსავალი მიგვიღია, ანუ სახელმწიფოს მსხვილი მონაწილეობის შედეგად, თუმცა თქვენ აქაც გიჩნდებათ კითხვები...
-პირველ წარდგენაზე დივიდენდების გეგმიური მაჩვენებელი 1 400 000 ლარით იყო განსაზღვრული. ბოლო წარდგენაზე აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და დაახლოებით 66 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ 65 მილიონიან ზრდაზე ჩვენ ვერანაირ ახსნა-განმარტებას ვერ ვნახულობთ ბიუჯეტის ბარათში. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ 2015 წელს თითქმის ყველა მსხვილი სახელმწიფო საწარმო იყო წამგებიანი, ანუ ისინი ზარალზე იყვნენ, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება თუ როგორ აპირებს მთავრობა ამ თანხების ბიუჯეტში მობილიზებას. 2014, 2015 და 2016 წლებს თუ შევაჯამებთ, ნახევარ მილიონზე მეტი დივიდენდების სახით მობილიზებული არ ყოფილა ამ პერიოდის მანძილზე.
-აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ ევროკავშირის პრაქტიკა რეალურად იმას აჩვენებს, რომ სახელმწიფო საწარმოების ვალი სახელმწიფო ვალად ითვლება...
-დიახ, ეს 2010 წლის სტანდარტია, რომელიც ევროკავშირშია დანერგილი და ჩვენ ანგარიშშიც გვაქვს ეს მოყვანილი, მაგალითად, თუ როგორ შეიცვალა მთლიანად გერმანიის სახელმწიფო ვალი მას შემდეგ, რაც ეს სტანდარტი სავალდებულო გახდა. ამ სტანდარტის დანერგვის შემდეგ გერმანიის ვალი 12 მილიარდი ევროთი გაიზარდა, საიდანაც 7 მილიარდი იმ საწარმოებზე მოდიოდა, რომელიც ამ სტანდარტის მიხედვით უკვე ჩაითვალნენ, როგორც ცენტრალური მთავრობის და შესაბამისად აუცილებელი გახდა, რომ ისინი სახელმწიფო ვალის პორტფელში ასახულიყვნენ. სახელმწიფო საწარმოების ვალი თავის მხრივ, ეს პირობითი ვალდებულებაა, ხოლო ცენტრალური მთავრობისათვის პირდაპირი ვალდებულება არის, მაგრამ როდესაც არის მაღალი რისკის შემცველი საწარმოები, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის ვალდებულებები უნდა იქნეს აღრიცხული.

























