სახელმწიფო აუდიტის სამსახური ,,112”-ის ფუნქციონირებისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს.
უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, გაიწეროს და დაითვალოს რა თანხები ესაჭიროება ,,112”-ს სრულფასოვანი და გამართული მუშაობისათვის, ასევე განისაზღვროს დაფინანსების წყაროებიც.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ,,112” სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად, მათ შორის ბიუჯეტში გადასარიცხი თანხებისთვისაც, დასახმარებლად სხვა სსიპ-ებს მიმართავდა.
,,სსიპ „112“-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებებისთვის საჭირო ფულადი რესურსების ოდენობა აჭარბებს მის შემოსავლებს. ის ვერ უზრუნველყოფს გადასახადების დაფარვას. საბიუჯეტო გადასახადების სხვა სსიპ-ებიდან მიღება წარმოადგენს სსიპ „112“-ის არაპირდაპირ დაფინანსებას, რაც არ შეიძლება გამართლებულ პრაქტიკად ჩაითვალოს“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ანგარიშში კონკრეტული ფაქტიცაა მოყვანილი, როცა ,,დაცვის პოლიციისა” და ,,მომსახურების სააგენტოსგან” 2017 წელს, კაპიტალური გრანტის სახით მიღებული 2 მილიონი ლარიდან, 445 ათასი ლარი, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდა. ამ ფულიდან 125 ათასი ლარი - თანამშრომლების პრემიებზე, 29 ათასი - კომუნალურ ხარჯებზე, 39 ათასი - საწვავზე, 108 ათასი - თანამშრომელთა და ავტომანქანების დაზღვევაზე დაიხარჯა, მაშინ როცა აღნიშნული კაპიტალური გრანტი უწყებას, ადმინისტრაციული შენობის დასრულების სამუშაოებისთვის მისცეს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ვერ დასრულდა, მშენებელმა კომპანიამ კი, გამოყოფილი ფულის მხოლოდ ნახევარი მიიღო.

























