სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ სქემებს ასაჯაროებს, რა გზითაც ოზურგეთის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები იყიდებოდა. დასკვნაში, რომელიც მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების საქმიანობას მოიცავს, საჯარო აუქციონებზე მიწების რეალიზაციის რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. შედეგად ნაკვეთები, საჯარო მოხელეებისა და მათი ნათესავების საკუთრებაში მოხვდა.
გთავაზობთ კონკრეტულ ფაქტებს აუდიტის სამსახურის დასკვნიდან:
ფაქტი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე სოფელ ბოხვაურში, ზღვისპირა ზოლში მდებარე 49 ათასი კვ.მ მიწა გაიტანა, კვადრატული მეტრი 2,5 ლარად იყო შეფასებული. შედაგად მიწა 130.7 ათას ლარად ლილია კაზარიანმა შეიძინა, 21 დღეში კი ნაკვეთებად დაყოფილი 30 ათას კვ.მ-მდე ტერიტორია, იმავე ფასად გადაყიდა, რაც აუქციონში ჰქონდა გადახდილი. გაყიდული ფართის დიდი ნაწილი 6-მა პიროვნებამ შეიძინა, რომელთა შორისაც იყვნენ, რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამა და ძმა.
“რადგან ლილია კიზირიანმა ფინანსური სარგებლის მიღების გარეშე გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ აღნიშნული მიწით რეალურად დაინტერესებული იყო არა აუქციონში მონაწილე პირი, არამედ ის 6 პიროვნება, რომლებმაც შემდგომ შეიძინეს ქონება. შესაბამისად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ან ადგილი ჰქონდა ქონების ცრუმაგიერ მფლობელობას”-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. უწყებისთვის დამატებითი ეჭვის საფუძველია, ზღვისპირა ზოლში მიწის საწყისი ფასი-2,5 ლარი. აუდიტმა გაარკვია, რომ ამ ნაკვეთის მიმდებარედ, მიწების საბაზრო ფასები 18-20 დოლარი იყო.
ფაქტი 2. სოფელ შრომაში, ზღვიდან 550 მეტრში, მინიციპალიტეტმა 30 თეთრად შეაფასა და გაყიდა 5,7 ათასი კვ.მ მიწა, მაშინ როცა რამდენიმე თვით ადრე, მის მომიჯნავედ 10 ლარად ჰქონდა შეფასებული და გაყიდული ტერიტორია. აუდიტის ჯგუფმა, დაადგინა, რომ ზღვისპირა ზოლში, ამ სოფელში მიწების საბაზრო ფასი რეალურად 50 და 100 ლარამდე მერყეობს. ,, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ქონების შემფასებელმა (ი/მ დავით რობაქიძე), განზრახ შეაფასა მიწის ღირებულება საბაზროზე არსებითად დაბალ ფასად, პრივატიზების პროცესი კი წარიმართა არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე”-აღნიშნულია დოკუმენტში. საბოლოოდ 5,7 ათასი კვ.მ ფართობი, მხოლოდ 1800 ლარად გაიყიდა, შედეგად კი ბიუჯეტმა 290 ათასი ლარით იზარალა.
ფაქტი 3. 15 ათას კვ.მ-მდე მიწა 3 ათას 900 ლარად გასხვისდა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროს მერაბ წივწივაძეზე, თუმცა ამ ტერიტორიის გაყიდვას წინ კიდევ ერთი აუქციონი უძღოდა. რამდენიმე თვით ადრე, იგივე ტერიტორიაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, რომელშიც წივწივაძეც მონაწილეობდა, მიწის ფასი 190 ათას ლარამდე გაიზარდა და მისის მფლობელად გიორგი ანანიძე გამოცხადდა, თუმცა მან ფული არ გადაიხადა და შედეგად აუქციონი ხელმეორედ გამოაცხადეს. ამჯერად, ქონების მართვის სამსახურის უფროსი აუქციონში მარტო მონაწილეობდა და მიწაც 3 ათას 900 ლარად იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის შედეგად ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მუნიციპალიტეტს მიწის გადაფასება არ მოუხდენია და 1 კვ.მ, ისევ 25 თეთრად გამოიტანა გასაყიდად.
"პასუხისმგებელი პირების ქმედებით თუ უმოქმედობით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, არსებითად დაბალ ფასში გაიყიდა, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს.”-აღნიშნულია აუდიტის დოკუმენტში.
ფაქტი 4. სოფელ შრომაში მუნიციპალიტეტმა 50 თეთრად შეაფასა და ლაშა მგელაძეზე გაასხვისა, 18 ათასი კვ.მ მიწა, მაშინ როცა აუდიტის მოკვლევით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ შემთხვევაში კერძო მფლობელი კვადრეტულს 124 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში − 164 ლარად ყიდდა. ნაკვეთი ზღვიდან 400 მეტრში მდებარეოს.
ფაქტი 5. მუნიციპალიტეტმა სოფელ სპოტიეთში, სარწყავი არხების მიმდებარედ (არხის მოვლის და შეღობისთვის) მიწის ნაკვეთი სამხარაულის ბიუროს შეაფასებინა, რის საფუძველზეც 1 კვ,მ -1,7 ლარად გამოისყიდა, ხოლო თავად, ამავე სოფელში 50 ათასი კვ.მ. ფართობის ნაკვეთები 30 და 40 თეთრად შეაფასა (კერძო შემფასებელი ი/მ დავით რობაქიძე) და ასე გაიტანა აუქციონებზე. "მიწის ნაკვეთები გაყიდულია უკონკურენტო გარემოში და მიღებულმა შემოსავალმა 17.4 ათასი ლარი შეადგინა."-აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

























