საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახური მმართველი პარტიის დაჯარიმებას ითხოვს. სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" 11,800 ლარით დაჯარიმებას ითხოვს, რისი მიზეზიც საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობაა.
19 მაისის არჩევნების შუალედური ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნის დარღვევისთვის ასევე "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" და პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაჯარიმება იგეგმება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების შემოსავლებმა წინასაარჩევნო პერიოდში 2,844,372 ლარი შეადგინა. პოლიტიკური შემოწირულობები კი 1,589,500 ლარი იყო. ამ თანხის 93% "ქართულ ოცნებას" შესწირეს.

























