მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით შესყიდვის დეტალებს ავრცელებს

5b55cf8267e6e
თამუნა დემეტრაშვილი
23.07.18 16:46
1767
აუდიტის სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე თავად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის დეტალებია განმარტებული.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, ხმარებიდან ამოღებული 17 388 დოზა ცოფის ვაქცინა იქნა გახარჯული, 7420 დოზა კი მწარმოებელს უკან დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ალტერნატიული ვაქცინის მარაგი შეიქმნა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, პრობლემა მას შემდეგ შეიქმა, რაც 2016 წლის იანვრის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა "ლისავაკის“ მწარმოებელმა კომპანია ,,ზუდის კადილამ“, ინსპექტირების შედეგად ვერ დააკმაყოფილა წარმოების სანიტარული ნორმები და ხარისხის კონტროლის სისტემა არ პასუხობდა GMP-ს სტანდარტებს. ამ დროისთვის კომპანიისგან ქართულ მხარეს უკვე შესყიდული ჰქონდა ვაქცინის 195 ათასი დოზა, საიდანაც 86 ათასი, უკვე შემოსული იყო ქვეყანაში.

მწარმოებელმა კომპანიამ, ქსელიდან წამლის სრული მარაგის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ქვეყანა ცოფის ვაქცინის საწინააღმდეგო პრეპარატის გარეშე რჩებოდა. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია განმარტებული, ზემოთხსენებული მიზეზის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ახალი ვაქცინის შეძენამდე და მარაგის შექმნამდე, 'ლისავაკის“ გამოყენება მომხდარიყო.

"მოცემული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუმართავს ვაქცინის სავალდებულო ამოღების მექანიზმის გამოყენების თაობაზე და აგრეთვე „ლისავაკის“, 2015 წელს განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების შედეგებს, რომელთა შესაბამისად არც ერთი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა.“-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მალევე, 2016 წლის 23 თებერვალს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით სახელმწიფომ, ფრანგული კომპანია "სინოფისგან“ 40 ათასი დოზა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ვერორაბი“ შეისყიდა, გაუხარჯავი, ხმარებიდან ამოღებული პრეპარატი კი მწარმოებელ კომპანიას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, აუდიტის სამსახურმა საკუთარ ვებ-გვერდზე დაგეგმილი სამუშაოების ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო, რომ უწყება იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავდა. ამის მიზეზი კი, ხმარებიდან ამოღებული ვაქცინის გამოყენება იყო "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით", - ნათქვამი იყო სამსახურის ვებ-გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები