აუდიტის სამსახურმა საქართველოს რკინიგზის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტი 2015 წლის შესყიდვებს მოიცავს.
აუდიტმა მოიცვა 521 ხელშეკრულება და 106,024,774 ლარი. სს „საქართველოს რკინიგზა“ შესყიდვებს ახორციელებს როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე შესყიდვების სპეციალური წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ. სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების სპეციალური წესი არ ითვალისწინებს თუ რა ვადაში უნდა იმსჯელოს სატენდერო კომისიამ, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნული სრულად არ აკმაყოფილებს კომპანიის შესყიდვების სპეციალური წესის მოთხოვნას, შესყიდვების განხორციელებისას პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი მიდგომის შესახებ. ასევე პრეტენდენტებისა და პოტენციური პრეტენდენტებისთვის არ არის განჭვრეტადი შესყიდვის პროცედურის დასრულებასთან დაკავშირებული ვადები, რაც ართულებს დაინტერესებული მხარეებისთვის ტენდერში მონაწილეობის დაგეგმვის პროცესებს.
ამასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სს „საქართველოს რკინიგზა" ითხოვს პრეტენდენტების ან ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას. ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერებში წარმოდგენილია მხოლოდ ქვეკონტრაქტორების გამოცდილება, რის შედეგადაც იმარჯვებენ პრეტენდენტები. შედეგად, კონტრაქტორები სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებას იღებენ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე ისე, რომ შესაძლოა მათ მომავალში დამოუკიდებლად ვერ შეძლონ აღნიშნული სამუშაოების შესრულება, მაშინ როდესაც ისინი უკვე თავისუფლად შეძლებენ ტენდერის პირობების დაკმაყოფილებას გამოცდილების ნაწილში.
აუდიტის სამსახუტი საქართველოს რკინიგზას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
რეკომენდაცია N1: სს "საქართველოს რკინიგზამ" განიხილოს სპეციალური წესით შესყიდვების განხორციელებისას, პრეტენდენტთა მიმართ უფრო მეტად სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვების სპეციალურ წესში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რომლითაც განისაზღვრება თუ რა ვადაში უნდა იმსჯელოს სატენდერო კომისიამ, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წინადადებების მიღების ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შემთხვევაში აღნიშნული მიდგომა გამოყენებულ იქნას ასევე ყველა შემდგომი პრეტენდენტების მიმართ.
რეკომენდაცია N2: პრეტენდენტების მიერ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად, ქვეკონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების ხარჯზე, გამოცდილების მიღების თავიდან აცილების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შესაბამისი მექანიზმი (მაგ.: მინიმალური მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ პრეტენდენტი; სამუშაოთა მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში ფაქტობრივი შემსრულებლის მითითება და ა.შ.).
რეკომენდაცია N3: სს „საქართველოს რკინიგზამ“ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სერთიფიკატების ნამდვილობის დადგენის მიზნით შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციასთან სრული შესაბამისობის დადგენას.

























