სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016-2017 წლების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. სამსახურის შეფასებით, 2017 წელს კომპანია “სინერჯი ჯგუფთან” გამარტივებული წესით გაფორმებული კონტრაქტი ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდნენ.
აუდიტის სამსახური ამას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, შესყიდვის შესრულების მაკონტროლებელ და ზედამხედველობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საგადასახადო კოდექსის მეცხრამეტე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
“2017 წლის 24 ივლისს შემოსავლების სამსახურსა და შპს სინერჯი ჯგუფს შორის გაფორმდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, რომლის ღირებულება 60,000 ლარს შეადგენდა. შემოსავლების სამსახურის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის 20 განმახორციელებელი პირი იყო შტატგარეშე მოსამსახურე , რომელიც სამსახურში ხელშეკრულებით აყვანილ იქნა "სინერჯი ჯგუფთან" ხელშეკრულების გაფორმებამდე 3 დღით ადრე.
შტატგარეშე მოსამსახურე და მიმწოდებელი კომპანია იყვნენ ურთიერთდამოკიდებული პირები, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისინი ერთობლივად ფლობდნენ წილს სხვა საწარმოში. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მოსამსახურეს უნდა განეცხადებინა აღნიშნული გარემოებების თაობაზე და შეეწყვიტა მონაწილეობა ამ შესყიდვაში, რაც არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „შტატგარეშე მოსამსახურეს პრეტენდენტის შერჩევასა და ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული პროექტი შეთანხმებული იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომლის მიღება განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებული და უფლებამოსილი სუბიექტების თანხმობითა და მონაწილეობით,”- წერია ანგარიშში.

























