სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტში თანამშრომლებზე ყოველთვიური დანამატი დაწესებული იყო წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში 59.6 ათასი ლარი.
როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ, 2016 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, 17 თანამშრომელზე წინასწარ იყო დაწესებული ყოველთვიური დანამატი, მათ შორის, გამგებლის პირველ მოადგილეზე თვეში 500 ლარის ოდენობით და გამგებლის ორ მოადგილეზე - 250 ლარის ოდენობით. სახელფასო დანამატის გაცემის მოტივად მითითებულია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციების შესრულება, რაც ხშირად ზეგანაკვეთურ მუშაობას მოითხოვს და დამატებით სამსახურებრივ დატვირთვასთან არის დაკავშირებული.
"მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა დამატებით სამუშაოებს ასრულებდნენ აღნიშნული პიროვნებები გარდა იმისა, რაც მათ უშუალო ფუნქციებში შედიოდა. ამასთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს არ შეეძლო წინასწარ განესაზღვრა, რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად და ექნებოდა თუ არა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, ხოლო დანამატის გაცემის საფუძველში იმის მითითება, რომ მოხელეს უწევს საპასუხისმგებლო ფუნქციების შესრულება, რაც ხშირად ზეგანაკვეთურ მუშაობას მოითხოვს და დამატებით სამსახურებრივ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, ვერ ჩაითვლება ყოველთვიური დანამატის დანიშვნის საკმარის საფუძვლად", – წერს აუდიტის სამსახური.
აქედან გამომდინარე, აუდიტმა დაასკვნა, რომ 2016 წელს გაცემული 59.6 ათასი ლარის დანამატი, თავისი შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

























